GFF, საქართველოს ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa Aa

„იღბლიანი მწვრთნელი ვარ? დიდი შრომა ჩავდე“ - რა ითქვა პრესკონფერენციაზე

ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 26 სექტემბერს, სტუმრად შედგება. აღნიშნული შეხვედრები UEFA-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებია.

ჩრდილოთ მაკედონიასთან გასამართი დაპირისპირების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ნაკრების კაპიტანთან, გურამ კაშიასთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

ვილი სანიოლი (მთავარი მწვრთნელი)

,,მნიშვნელობა არ აქვს ფურცელზე ფავორიტად ვინ წერია. თუ გახსოვთ, ერთა ლიგის დაწყების წინ ვამბობდი, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენს ჯგუფში მთავარი კონკურენტი იყო. საბოლოო ჯამში, ერთა ლიგის ეს ციკლი შესანიშნავად დავიწყეთ და ჩვენს გეგმას მივყევით, ამიტომ ასეთივე წარმატებით მსურს დასრულება. იმედგაცრუებული ვიქნები, თუ ეს ასე არ მოხდება.

მიზნად 1 ქულა არასოდეს უნდა დაისახო. წარმატების საუკეთესო რეცეპტი იმის კეთებაა, რაც აქამდე ბრწყინვალედ გამოგდიოდა: დაცვაში კარგად თამაში, ბურთის ფლობის დროს შეტევაში სწრაფად გადასვლა, პირველად ნომრად თამაში. თუ ამ მატჩს ისევე მონდომებით ჩავატარებთ, როგორც ეს ივნისის შეკრებაზე იყო, მიზანი ახლოს იქნება.

ჩვენ სრული შემადგენლობით ერთი ვარჯიში უკვე გავმართეთ,ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ვეცდები, რესურსი სრულად გამოვიყენო, თუმცა თავიდანვე ვიტყვი, რომ უპირატესობა მათ მიენიჭება,  რომელთაც საკუთარ კლუბებში რეგულარული სათამაშო დრო აქვთ.

მეკარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ. მთავარია, რომ გუნდში ჯანსაღი გარემოა, რაც ფეხბურთელებს მონდომებით თამაშის საშუალებას აძლევს. ბევრისთვის ეს შესაძლოა, ახალიც არის, რადგან საქართველოს ნაკრებში ასეთი კარგი განწყობა დიდი ხანია, არ ყოფილა. შეიძლება, ფეხბურთელები მოდუნდნენ და ჰქონდეთ განცდა, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ამის გამო, 100% არ ჩადონ, რადგან იფიქრონ, რომ შეხვედრებს ისეც მოიგებენ. ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალება ასეთ სიტუაციაში ისაა, რომ ავუხსნა მათ -  ყველა მატჩს თავისი მნიშვნელობა აქვს.

18 თვის წინ, როდესაც აქ მოვედი, სიტუაცია სხვანაირი იყო, ახლა კი სხვანაირია, ჩვენმა მოთამაშეებმა ტოპ ლიგებში გადაინაცვლეს. ის ფეხბურთელები, რომელებიც დღეს მაღალ დონეზე თამაშობენ, ქართული კლუბების აღზრდილები არიან, ამიტომ მათ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ეკუთვნის.

კი, შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელი ვარ, რადგან ასეთ სიტუაციაში, ასეთ ფეხბურთელებთან მომიწია მუშაობა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დევს".

გურამ კაშია (კაპიტანი)

,,რა თქმა უნდა, წნეხი არსებობს, მითუმეტეს, როცა ჯგუფის მოგებასთან ერთ ნაბიჯში ხარ. ანშლაგი რომ იქნება, ეს ვიცით. როგორ შეიძლება ჩვენი გულშემატკივარი ჩვენთვის წნეხი იყოს.  სავსე დინამო არენაზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, მოტივირებულები ვართ.

სიმართლე გითხრათ, მაკედონიასთან სამწუხარო მატჩის გახსენება არ გვსურს. ახალი ერა დაიწყო, გამოჩნდნენ ტალანტები და ჩვენ, ყველას მათი იმედი გვაქვს".

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, კაშიას ლოჩოშვილის ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს, საუბარი შეეხო ჩაკვეტაძესა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სლოვანსაც, სადაც გიორგი სწორედ გურამ კაშიასთან და ჯაბა კანკავასთან ერთად თამაშობს:

,,ლოჩოშვილი პროფესიონალია, კარიერის განვითარების კუთხით დიდი ნაბიჯი გადადგა, სერია ა ის ტოპ ლიგაა, რომელიც ძალიან რთული სათამაშოა. მის ჩატარებულ 3 მატჩს ვუყურე და ვიტყოდი, რომ დიდი პროგრესი აქვს. იმედია, რომ კიდევ განვითარდება და ისწავლის.

როდესაც გიორგი ჩაკვეტაძე სლოვანში გადმოვიდა, მას კარგად არ ვიცნობდი, მხოლოდ სანაკრებო დონეზე მქონდა შეხება. როცა მასთან ერთად მუშაობ დავიწყე მივხვდი, რომ პროფესიონალია. სულ სპორტდარბაზშია. ხანდახან შეიძლება ჩანდეს, რომ სათანადოდ არ შრომობს,  მაგრამ ასე არაა. ის ფეხბურთით ცხოვრობს.  თამაშიდან თამაშამდე ვხვდები, რომ პროგრესირებს. იმედი მაქვს, რომ გიორგი მაღალ დონეზე კვლავ ითამაშებს".

ვილი სანიოლისა და გურამ კაშიას პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრების ვარჯიში შედგება, მოგვიანებით კი პრესკონფერენციას მოწინააღმდეგე მხარეც გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)

C ლიგის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოთ მაკედონიას შორის 23 სექტემბერს, 20:00 საათიდან შედგება. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ანშლაგის მოლოდინშია - მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ბოლოს გეტყვით, რომ მიმდინარე ერთა ლიგა ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, 3 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და საკუთარი,  C4 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

იმისთვის, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფი მოიგოს, ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ მოპოვებული 1 ქულაც ჰყოფნის.

გაზიარება: