ერთა ლიგა, საქართველოს ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართა და ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით - 2-0 დაამარცხა.

 

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი)

,,ეს მომენტი უნდა ვიზეიმოთ, რომელიც გვაქვს და პლეი-ოფზე შემდეგ ვისაუბროთ, რადგან ამ მატჩამდე გარკვეული დროა.

,,დაგეგმილი ნამდვილად არ ყოფილა, რომ მეტოქეს ბურთი ჩვენზე ხშირად ჰქონოდა. გარკვეული დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ მათ შემოთავაზებული თამაშისთვის გვეპასუხა. შესაძლოა, წნეხიც იყო და ზოგიერთი ფეხბურთელი განსაკუთრებით ნერვიულობდა, რადგან გვქონდა შანსი, ჯგუფი დღესვე, თბილისში მოგვეგო. მას მერე, როცა პირველი გოლი გავიტანეთ, ბევრად თავისუფლები ვიყავით და წნეხის გარეშე ვთამაშობდით. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი ნაკრებია, შეიძლება, გარკვეულ მომენტებში გვაჯობეს კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ დისციპლინა და ხარისხი ბოლომდე გამოვავლინეთ.

კითხვა იყო და გიპასუხებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს დილას სიცხე ჰქონდა, მას მუცლის ტკივილიც აწუხებდა. თუ ის ხვალ დილას კვლავ ცუდად იქნება, გიბრალტარში ვერ წამოგვყვება. მას თამაში სურს და თამაშს იმსახურებს კიდეც, თუმცა უნდა დაველოდოთ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გიბრალტარის წინააღმდეგ, ბოლო მატჩიც მოვიგოთ. ჩემი დავალება ისაა, რომ მოედანზე იყოს ის გუნდი, რომელიც მატჩს აუცილებლად მოიგებს".

ბოლოს გეტყვით, რომ მიმდინარე ერთა ლიგა ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 14 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, 4 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და საკუთარი,  C4 ჯგუფი ბოლო ტურის მატჩამდე მოიგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგისა და წლის ბოლო შეხვედრას გიბრალტარის წინააღმდეგ, სტუმრად, 26 სექტემბერს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები