რაფაელ ჩიმიშკიანი
Aa
Aa

93 წლის ასაკში რაფაელ ჩიმიშკიანი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 93 წლის ასაკში რაფაელ ჩიმიშკიანი გარდაიცვალა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს 11 გზის რეკორდსმენის, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ლეგენდარული ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.

- წერია ოფიციალურ განცხადებაში

ცნობისთვის, რაფაელ ჩიმიშკიანი 1923 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. მერვე კლასის მოსწავლემ ბესიკის ქუჩაზე № 4 „დინამოს“ დარბაზში პავლე გუმაშიანის ჯგუფში დაიწყო ვარჯიში. იმ დროს ამ დარბაზში ვარჯიშობდნენ ისეთი სახელოვანი ძალოსნები, როგორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები — მოისეი კასიანიკი, ვლადიმერ სვეტილკო და მამია ჟღენტი.

სამი თვის ვარჯიშის შემდეგ საკავშირო პირველობაზე ქალაქ გორკში გაემგზავრა. მის წონაში სამ ათეულზე მეტი ძალოსანი გამოდიოდა, რომელთა შორის მე-9 ადგილი დაიკავა.

1948 წლის მიწურულს ლენინგრადში საკავშირო ჩემპიონატზე სახელოვან სპორტსმენებს — ევროპის მაშინდელ ჩემპიონ ივან აზდაროვსა და საკავშირო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ დიმიტრი დონსკოის აჯობა და მჩატე წონაში (56 კგ) პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

ასევე, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ჰელსინკში მსოფლიო რეკორდით მოიგო: სამჭიდის ჯამში 337,5 კგ დაძლია. 1952–1957 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში — 3-ჯერ, აკვრაში — 2-ჯერ.

1955 წლის ივნისში, მოსკოვში საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ძალოსანთა ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა. თავის წონით კატეგორიაში (60 კგ) 340 კგ დაძლია და მეტოქე დაამარცხა.

რაფაელ ჩიმიშკიანი  ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯიც იყო. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნად. 2003 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

2021 წლის 23 მარტს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ძალოსნობაში საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა დაარსდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ გაანათა“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
“ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ გაანათა“ - იტალიური მედია ხვიჩაზე