შალკე, მილანი, კევინ-პრინც ბოატენგი
Aa Aa

„დე, ვერ ვსუნთქავ, გთხოვ ეს ძალიან მტკივნეულია..“ - მე კევინ-პრინც ბოატენგი ვარ

„ეს ახალი არ არის..

მოდით, შოკში ნუ ჩავარდებით..

9 წლის წინ, „მილანის“ შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩს ვატარებდი. გულშემატკივრები მაიმუნის ხმებს გამოსცემდნენ იმ დროს, როდესაც ჩვენი რომელიმე შავკანიანი ფეხბურთელი ბურთს ეხებოდა.

26 წუთის შემდეგ მსაჯს ვუთხარი, რომ თუ ეს კიდევ განმეორდებოდა თამაშს შევწყვეტდი.

მან მიპასუხა: „არ ინერვიულო, უბრალოდ თამაში გააგრძელე.“

შემდეგ ფეხბურთელის მოტყუება ვცადე და იგივე გავიგონე..

ბურთი ავიღე, ტრიბუნებისკენ ძლიერად დავარტყი და სტადიონიდან გასვლა დავიწყე..

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რასისტული შეურაცხყოფა მომაყენეს, მაგრამ მე მსაჯის დამოკიდებულებაზე გავცოფდი და ვუთხარი, რომ მოეკეტა.

„შენ შეგეძლო რაღაცის გაკეთება და არაფერი იღონე“.

იგივე ვუთხარი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, რომელიც სიმშვიდისკენ და მოედანზე დარჩენისკენ მომიწოდებდა..

როდესაც გასახდელისკენ მივდიოდი გუნდის კაპიტანმა მასიმო ამბროზინიმ გამაჩერა და მკითხა: „დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ?“

მე ვუთხარი: „100%-ით“

ნება მომეცით აგიხსნათ, თუ რატომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ზოგიერთმა თქვა, რომ იგივეს ჩემპიონთა ლიგის თამაშზე არ ვიზამდი, რადგან იქ შესაძლოა „მილანისთვის“ ქულები ჩამოერთმიათ. იმ დღეს, ყველაფერი სხვანაირად იყო. ასეთი ბრაზი და ტკივილი არასდროს მიგრძნია. თავი ვერ გავაკონტროლე. თეთრკანიანებისთვის ეს რთული გასაგებია, რადგან ისინი კანის ფერის გამო არავის შეუძულებიათ. გთხოვთ, ნება მომეცით მაინც აგიხსნათ..

9 წლის ასაკში აღმოსავლეთ გერმანიაში ტურნირზე სათამაშოდ წავედი. მე ბერლინის ღარიბულ უბანში გავიზარდე, სადაც ადამიანები მთელი მსოფლიოდან ცხოვრობდნენ. რუსები, ჩინელები, ეგვიპტელები, თურქები.. მათ ხშირად ვეჩხუბებოდი, რადგან არ მომწონდნენ, თუმცა რასიზმი და დისკრიმინაცია მიზეზი არასდროს ყოფილა.

მაგრამ აღმოსავლეთ გერმანიაში გამართულ ტურნირზე გავიგე როგორ მიყვიროდნენ მშობლები ტრიბუნიდან..

„ჩაარტყით შავს“

„მაგ შავს თამაშის უფლება არ მისცეთ“

ისეთი დაბნეული ვიყავი. სიტყვა შავი(nigger) მხოლოდ სიმღერაში მქონდა მოსმენილი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი კანის ფერს ეხებოდა. თავს მარტოდ ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ისეთ ადგილზე ვიყავი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ 6 საათის სავალზე ბერლინიდან.

როგორ შეიძლება ქვეყნის ერთ კუთხეში ვუყვარდე და მეორეში კანის ფერის გამო ვძულდე? ბავშვობაში ასეთი რაღაცები არ გესმის..

არასდროს არავისთან მისაუბრია იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში. ბერლინში დაბრუნებისას, ავტობუსში ცრემლები წამომივიდა და ჩემი თანაგუნდელებიც ატირდნენ. ვერავინ გაიგო რა ხდებოდა.. ამის შესახებ დედაჩემთანაც არ მილაპარაკია. ვფიქრობდი, რომ დავივიწყებდი და გზას გავაგრძელებდი.

მაგრამ ეს ასე არ მოხდა.. როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში მიწევდა თამაში ემოციები ყოველთვის მძაფრდებოდა.

„ყოველი გოლის გატანისას ჩვენ შენ ბანანს მოგცემთ“

„მე ჩაგაგდებ ყუთში და შენს დამპალ ქვეყანაში დაგაბრუნებ ბინძურო ზანგო“

ასეთი შეძახილები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. როდესაც 14 წლის ვიყავი მასწავლებელს ვკითხე: „სხვა ბავშვებისგან განსხვავებულად მიყურებ?“

მან მიპასუხა: „არა, რატომ მეკითხები?“

მე ვუთხარი: „მაშინ, რატომ მხედავენ სხვანაირად აღმოსავლეთში? ეს ჩემი ქვეყანაა. მე გერმანელი ვარ. დედაჩემიც.. რატომ უნდათ ჩემი გალანძღვა?“

მან განმარტა, რომ ამ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სულელები არიან. ჩემთვის ეს გაუგებარი იყო და ისევ ტირილი დავიწყე. იწყებ ფიქრს, რომ ხალხს არ მოსწონხარ მიუხედავად იმისა, რომ არც კი გიცნობენ.

ამის შემდეგ, აგრესიული გავხდი. ხშირად ვიღებდი წითელ ბარათებს..

მაგრამ იცით ყველაზე ცუდი რა იყო?

ჩემს მხარეს არავინ იდგა..

ყველამ იცოდა რა მჭირდა, ყველამ იცოდა რას ნიშნავდა რასიზმი, მაგრამ ამას ეგუებოდნენ.. მშობლები სიჩუმეს ამჯობინებდნენ.. მსაჯი არაფერს აკეთებდა.. მწვრთნელი? ყველაფერს აიგნორებდა..

დიდი ხნის განმავლობაში ბრაზის გულში ჩაკვლა მიწევდა.. თითქმის დაბუჟებული ვიყავი..

როდესაც 2013 წელს კვლავ მაიმუნი დამიძახეს, ყველა ტკივილი და ბრაზი ერთად მომაწვა.. გავტყდი.. არ მაინტერესებდა ჩემს პროტესტს რა მოყვებოდა.. ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მეთამაშა, მაგრამ ამ ყველაფერს არ შევეგუებოდი!

როდესაც სტადიონიდან გავედი, ბევრი ადამიანი ფეხზე წამოდგა და ტაში დამიკრა. ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა.. სტადიონი ჩემმა თანაგუნდელებმაც დატოვეს, მაგრამ მხოლოდ შავკანიანებმა არა. აბსოლუტურად ყველამ..

გასახდელში მაისური გავიხადე და ყველას დავანახე, რომ თამაშს აღარ ვაპირებდი. მსაჯი შემოვიდა და იკითხა ვაპირებდით, თუ არა თამაშის გაგრძელებას. ამბროზინი წამოდგა და თქვა: „თუ პრინცი არ ითამაშებს, არავინ ითამაშებს“

ეს ეპიზოდი მსოფლიოსთვის უდიდესი სიახლე გახდა. ამის შესახებ განაში, ჩინეთში და ბრაზილიაშიც გაიგეს. მხარი ისეთმა დიდმა ფეხბურთელებმა დამიჭირეს, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ და რიო ფერდინანდი არიან. მათ თქვეს, რომ რასისტული შეურაცხყოფა სამარცხვინო საქციელი იყო. იმ ღამეს ჩემი ტელეფონი აფეთქდა. მე რასიზმთან ბრძოლის ელჩი გავხდი.

საქმე იცით რაში იყო? მხოლოდ ჩემი გასვლით არაფერი მოხდებოდა. აქ მთავარი თეთრკანიანების გადაწყვეტილება იყო, რომლებმაც მოედანი ჩემს გამო დატოვეს..

ეს იყო გზავნილი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა..

ცოტა ხნით მაინც ასე იყო..

იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს ცვლილება გვჭირდებოდა. მე უკეთესობისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგი. ბლატერმა FIFA-ს ოფისში მიმიწვია და მკითხა, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ ჩემთვის.

რამდენიმე თვის შემდეგ, FIFA-მ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ჯგუფი შექმნა და ახალ ორგანიზაციაში მუშაობა შემომთავაზა. ყველაფერი იდეალურად ჩანდა. ვვარჯიშობდი, ვთამაშობდი, ვმუშაობდი და ამავდროულად შავკანიანებს მოტივაციას ვაძლევდი. ვიღებდი კანონებს, რომლებიც მუშაობდნენ. ბლატერს იდეაც კი შევთავაზე, რომ სტადიონებზე კამერები და მიკროფონები დაეყენებინა. ეს ტექნიკა დააფიქსირებდა იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც რასისტულ შეურაცხყოფას მიაყენებდა რომელიმე ფეხბურთელს.

ბლატერს ვუთხარი: „სცადეთ ეს.. თუ იმუშავებს გმირი იქნებით, თუ არა მაშინ ხალხი მცდელობისთვის მადლობას გეტყვით.“

ამის შემდეგ, სამუშაო ჯგუფმა შეხვედრები გამართა. ვისაუბრეთ და იდეები გავცვალეთ. რეალურად არაფერი მომხდარა. ყოველთვის როცა ვთამაშობდი ისევ სამიზნე ვიყავი. ხალხი ელოდებოდა, რომ ისევ გავბრაზდებოდი და მოედანს დავტოვებდი. ასეთ დროს მსაჯს რაიმეს გაკეთებას ვთხოვდი. ადგილობრივი დიქტორი გულშემატკივრებს შენიშვნას მისცემდა და სულ ეს იყო.. 1 თვის შემდეგ მედიამაც კი შეწყვიტა ამაზე საუბარი.

2016 წლის სექტემბერში FIFA-სგან წერილი მივიღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება..

„სამუშაო ჯგუფმა თავისი საქმე შეასრულა. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი საქმე“..

დახურეს..

გავგიჟდი.. ჩემს აგენტს დავურეკე და ვყვიროდი: „ეს რა ხუმრობაა? რას მიაღწიეს ამით? კლუბები 30 000 ევროთი დააჯარიმეს? და შემდეგ გულშემატკივრები ისევ დაბრუნდნენ სტადიონზე? მათი შვილები ამ ყველაფერს უყურებენ და სწორად იზრდებიან? ეს მაგალითი უნდა აიღონ? რა არის მათთვის 30 000 ევრო? არაფერი! ესაა სასჯელი? ესაა შედეგი?“

გულწრფელად მჯერა და არ მეშინია იმის თქმა, რომ FIFA-მ ეს სამუშაო ჯგუფი მხოლოდ იმიტომ შექმნა, რომ ხალხს დაენახა. რეალურად საქმე არ გაკეთებულა. არ ვიცი რატომ არ აკეთებენ მეტს. ალბათ მათთვის მნიშვნელოვანია ვიდეო რეფერის სისტემა, რომელიც ზუსტად გეტყვის იყო თუ არა წითელი ბარათი ან თამაშგარე მდგომარეობა..

რამდენი ფული აქვთ.. ქმნიან კარის ხაზის ტექნოლოგიას, რომლითაც ცნობილი ხდება გავიდა თუ არა გოლი. და რასიზმთან ბრძოლა? არაფერი კეთდება, რადგან ამას შემოსავალი არ მოაქვს..

დაიმახსოვრეთ! FIFA-მ ეს სამუშაო ჯგუფი 2013 წელს შექმნა, 9 წლის წინ და ჩვენ ახლა ისევ ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ..

არაფერი შეცვლილა..

სიტუაცია გაუარესდა..

იცით? როდესაც რასიზმზე მიდის საუბარი ყოველთვის ამერიკა გვახსენდება, მაგრამ ეს ყველაფერი ევროპაშიც დიდი დოზით ხდება. შეიძლება არავინ გვკლავს, მაგრამ სულ ზეწოლის ქვეშ ვართ. ქუჩაში გასვლისას მთელი არსებით ვგრძნობ როგორ მიყურებენ ადამიანები.

რატომ ხდება ასე? იმის გამო, რომ რასიზმი ძალიან ღრმად არის ჩადებული საზოგადოებაში.. სისტემურია და თეთრკანიანებს, რომლებიც ამ სისტემის სათავეში დგანან ამის შეცვლა არ სურთ. რატომ უნდა შეცვალონ? საქმე ისევ მშვენივრად კეთდება, როგორც 300 წლის წინ..

ნება მომეცით კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვეთ. როდესაც „შალკეში“ ვთამაშობდი, კლუბის თავმჯდომარემ კლემენ ტონიესმა რასისტული კომენტარი გააკეთა. მან თქვა იმის ნაცვლად, რომ გარემოს დაცვისთვის გადასახადები გაიზარდოს, გერმანიის მთავრობამ აფრიკაში ელექტროსადგურები უნდა ააშენოს. ასე აფრიკელები ხეების მოჭრას შეეშვებიან და ბავშვებს სიბნელეში აღარ გააკეთებენ.

შოკში ვიყავი. იმ დროს ამ კაცის გუნდში შავკანიანი მოთამაშეები თამაშობდნენ. პრესამ განაცხადა, რომ ეს არასწორი იყო. კლუბმა კი უპასუხა: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით რასიზმს.“

მაგრამ იცით რა იყო მისი სასჯელი? 3 თვე კონტრაქტი შეუწყვიტეს და ხელფასი არ ჩაურიცხეს. მხოლოდ ეს!!

სამი თვე..

სამი თვე შესანიშნავ შვებულებაში და შემდეგ ისევ სამსახურში დაბრუნდა..

ეს არის სისტემა და ის იმდენად ღრმაა, რომ ამ ტიპის პერსონალი ნორმალიზდება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ისინი, ვინც სისტემას მართავს. ჩვენ მეტი ძალა გვაქვს. უფრო მაღალი ხმა გვაქვს. მათ არ შეუძლიათ გაიმარჯვონ მთელ მსოფლიოში. შეუძლებელია..

თუ ჩვენ ერთად დავდგებით.. თუ ყველა ვილაპარაკებთ.. თუ მოქმედებას გადავწყვეტთ..

მეორე დღეს „ინსტაგრამზე“ ვნახე ვიდეო, რომელშიც კოლეჯის მასწავლებელი ხალხით სავსე ოთახს ეუბნება: „ფეხზე ადექით თორემ ისე მოგექცევიან, როგორც შავკანიანს.“

არავინ ადგა..

ეს რასობრივი უსამართლობაა.. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ყოველდღე ისმენდნენ, ამბობდნენ, რომ ეს ცუდია, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ..

ამ ბოლო დროს, თუ ახალ ამბებს არ უყურებდით ძალიან ცუდია..

ამ ყველაფერს თქვენთვის იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვწერ. ჯორჯ ფლოიდის ვიდეოს ყურებისას ცრემლები წამომივიდა.. ხუთჯერ ვუყურე, რომ სრულად გამეგო რა მოხდა.. გესმოდათ მისი ხმა? „ვერ ვსუნთქავ, გთხოვ დედა, ეს ძალიან მტკივნეულია..“

ვის ელაპარაკები, როდესაც სიკვდილთან ახლოს ხარ? ღმერთს, რადგან იცი, რომ მას შეხვდები და ყველაფრის მონანიებას სთხოვ.. ფლოიდმა იმ მომენტში იცოდა, რომ მოკვდებოდა..

ამის გახსენებისას დღესაც ემოციური ვხდები. იმიტომ, რომ ფლოიდში საკუთარ თავს ვხედავ გესმით? ვუყურებ ჩემს შვილს და როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი? როგორ ვუთხრა, რომ კაცი ფერის გამო მოკლეს..

იმ დროს მსოფლიო ფეხზე დადგა, მაგრამ რამდენიმე თვეში ყველამ დაივიწყა..

ამიტომაც გიყვებით ამ ყველაფერს..

უნდა დავრწმუნდეთ, რომ არავინ აღარ მოკვდება..

ამისთვის კი თეთრკანიანი ადამიანები გვჭირდებიან, რომ ჩვენს გვერდით დადგნენ..

ასე რომ გვითხარით, რომ ჩვენთან ხართ.. გვითხარით, რომ გრძნობთ ჯორჯ ფლოიდს.. გვითხარით, რომ გრძნობთ შავკანიან საზოგადოებას.

რადგან ასე გავიგებთ, რომ სამყარო რეალურად ჩვენს მხარესაა.. რომ ადამიანების დიდ უმრავლესობას სურს, ამის შეცვლა.. ეს არის გასაღები!

ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება, თუმცა ერთხელ ჩემმა თეთრკანიანმა მეგობარმა მითხრა, რომ ამაში ჩარევა არ სურდა, რადგან ეს ლიანდაგებზე გადახტომას ჰგავდა, რომელსაც მატარებელი უახლოვდება..

ეს არის ის მატარებელი, რომელიც სამყაროს შეცვლის..

მე გეუბნებით - გადახტით ამ ლიანდაგზე.. ვიღაცას ყოველთვის ეყვარები და ვიღაცას ყოველთვის შეზიზღდები..

მაგრამ არ შეგეშინდეთ.. ნუ გაჩუმდებით.. ჩვენ თქვენთან ერთად დავდგებით..

ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ, რომ თქვენ დგახართ ჩვენთან..“ - მე კევინ-პრინც ბოატენგი ვარ

გაზიარება: