ხვიჩა კვარაცხელია, დავით ხოჭოლავა, ბუდუ ზივზივაძე, ნიკა კვეკვესკირი, გურამ კაშია
Aa
Aa

„თუ ეს წესი შემოვა, ძალიან გამიხარდება“ - ხვიჩა არაევროკავშირელის სტატუსის მოხსნაზე

მიმდინარე თვეში საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირში ქართველი ფეხბურთელების სტატუსს ეხება. კერძოდ, ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების გამოყენებით, უმაღლეს სამთავრობო დონეზე ამ თემისთვის პრიორიტეტის მინიჭებითა და ევროპული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებების გამოყენებით, ქართველი ფეხბურთელი ევროპის ქვეყნებში არაევროკავშირელად აღარ ჩაითვლება, რაც ქართველი ფეხბურთელების ევროპაში გადასვლის საკითხს მნიშვნელოვნად გაამარტივებს, ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პრობლემა მოეხსნება და მის კარიერას მხოლოდ მისი საფეხბურთო შესაძლებლობები განსაზღვრავს.

აღნიშნული პუნქტი ამოქმედებულია რამდენიმე არაევროკავშირელ ქვეყანასთან მიმართებით. კერძოდ, ეს ქვეყნებია: ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი და მონტენეგრო.

სურათი რომ მაქსიმალურად ნათელი იყოს, ვიდრე ამ თემაზე ქართველი ფეხბურთელების კომენტარებს შემოგთავაზებთ, მიმდინარე თვეში გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ განცხადებას გთავაზობთ:

„საზოგადოების ყურადღება მინდა მივაპყრო მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებიდან და უკავშირდება სპორტს, უფრო კონკრეტულად კი ქართულ ფეხბურთს. ჩვენ ყველა აღტაცებაში მოვედით ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებით, ეს მართლაც დიდი მოვლენა იყო თანამედროვე ქართულ სპორტში. ეს თითოეულ იმ ადამიანს ახარებს, რომელთაც აქვთ სხვისი წარმატებით გახარების უნარი, მათაც კი, ვინც ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევა, მაგრამ გულისწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ ის, რასაც ხვიჩამ მიაღწია, ამის საშუალება ბევრ სხვა ახალგაზრდას არ ეძლევა. იმიტომ, რომ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებულია შესაბამისი კვოტები. ეს საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშისგან ზღუდავს და არასამართლიანად არათანაბარ პირობებში გვაყენებს სხვა კონტინენტის ფეხბურთელებთან შედარებით – მათ შორის აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები იგულისხმება. ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანია პროფესიული სპორტსმენებისა და კონკრეტულად ფეხბურთელების უფრო დიდი რაოდენობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინტეგრაცია, რაც გამოწვეულია მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორებიცაა, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობების გამოყენება. ამას იყენებენ სხვა არაწევრი ქვეყნები – ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, მონტენეგრო – მათი წარმომადგენლები უპრობლემოდ თამაშობენ ევროკავშირის ზონის ქვეყნებში, მათ შორის, ტოპ-ლიგების ქვეყნების ლიგებში. იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში და ა.შ.

რუსული კლუბები ჩახსნილები არიან საერთაშორისო ტურნირებიდან. ევროკავშირში არსებული შეზღუდვებისა და სხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ქართველი ფეხბურთელები ხშირად რუსეთში თამაშს არჩევენ და არჩევდნენ. ეს პირდაპირ მოქმედებდა მათ ხარისხსა და განვითარების დონეზე. რუსეთის ჩემპიონატში წლებით თამაშის შემდეგ კი მათ დიდი უმრავლესობას უჭირდა ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრება. სამწუხაროდ, რუსეთში წასული ბევრი ფეხბურთელი გვახსოვს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დათმობაც კი მოუწიათ იმ მიზეზით, რომ ლეგიონერის სტატუსს გაქცეოდნენ. ფინანსური და სოციალური სარგებელი არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. უფრო მეტი პროფესიონალი კადრი გვეყოლება ევროპულ ბაზარზე და ლოკალურ დონეზე უფრო მეტი სარგებელი იქნება მიღებული. ეს თავის მხრივ გაზრდის სატრანსფერო, მარკეტინგულ და სარეკლამო შემოსავლებს. მეორეს მხრივ, გვეყოლება თვითკმარ დაფინანსებაზე მყოფი, დამოუკიდებელი კლუბები საქართველოს ჩემპიონატში. ასე რომ, მინდა შევახსენო შესაბამის უწყებებს და თანამდებობის პირებს, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება სხვა მიმართულებებებთან ერთად, იძლევა სპორტის სექტორში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ქართველოდან ევროკავშირის ზონაში მობილობის გაზრდას“.

გიბრალტართან მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნულ თემაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ვესაუბრეთ, რომლებიც ევროპულ კლუბებში თამაშობენ და ამ პრობლემის გადაჭრის საჭიროება კარგად აქვთ გააზრებული.

ხვიჩა კვარაცხელია: „ამ პუნქტის ამოქმედება ძალიან კარგი იქნება. ევროპაში ბევრი წავა და ბევრი ითამაშებს. ვხედავთ, რომ ევროპაში წასვლა ქართველი ფეხბურთელებისთვის რთულია. ზოგჯერ, როცა ბრაზილიელი და ქართველი ერთ დონეზე არიან, უპირატესობას ბრაზილიელს ანიჭებენ“.

ნიკა კვეკვესკირი: „ვფიქრობ, ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად პოლონეთში ვთამაშობ, სადაც კლუბს ქართველი ფეხბურთელისთვის თითქმის ორმაგის გადახდა უწევს, რადგან ქართველი არაევროკავშირელად ითვლება. ეს ყველაფერი გაამარტივებს, გაადვილებს და უფრო მოკლეს გახდის გზას ქართველის ფეხბურთელისთვის ევროპაში. თუ ქართველი ფეხბურთელები არაევროკავშირელად არ ჩაითვლებიან, ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდ პროგრესს მოიტანს“.

ბუდუ ზივზივაძე; „მშვენიერი იქნება თუ ასე მოხდება, რადგან წლების განმავლობაში ქართველი ფეხბურთელებისთვის პასპორტთან დაკავშირებით დიდი პრობლემა იყო. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან მაგარი ამბავი იქნება, რადგან შევძლებთ ჩვენ და შეძლებენ ახალი თაობები, რომ უფრო მაღალი დონის ლიგებში ვითამაშოთ“.

გურამ კაშია: „ძალიან მნიშვნელოვანია თუ ეს საკითხი რამენაირად მოგვარდება. ეს იქნება ძალიან მაგარი ქართული ფეხბურთისთვის. მე დაბრკოლება შემექმნა, როცა საქართველოში დავბრუნდი, რამდენიმე ნიდერლანდური ვარიანტი მქონდა. ნიდერლანდური კლუბები კანონით გათვალისწინებულ თანხას ვერ იხდიდნენ. თუ ეს საკითხი მოგვარდება, წარმოიდგინეთ რამდენ ახალგაზრდას შეეძლება ევროპაში თამაში, კარიერის უკეთეს ჩემპიონატში გაგრძელება. ამიტომ, ძალიან მაგარი იქნება თუ რამენაირად ეს პრობლემა გადაიჭრება“.

დავით ხოჭოლავა: „პირადად მე ეს პრობლემა არ შემექმნება, რადგან „კოპენჰაგენში“ კიდევ დიდი ხანი დავრჩები, მაგრამ 18-19 წლის ბიჭებისთვის, რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ და რომლებსაც კარიერაში დიდი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, რუსეთის ნაცვლად კარიერის ევროპაში გაგრძელება ბევრად დიდი განვითარების საშუალებას მისცემს“.

დიმა შარიქაძე გიბრალტარიდან კრისტასპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა გაიაზრონ, რომ ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯონ“  - სანიოლი ფეხბურთელებზე
„უნდა გაიაზრონ, რომ ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯონ“ - სანიოლი ფეხბურთელებზე