მარცხი 2 სეტში - ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს დაემშვიდობა. ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის 23-ე ჩოგანს, ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 2:6.
მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებებზე კარგად გამოიყურებოდნენ. პირველი პარტიის გადამწყვეტი მომენტი 4:4-ზე დადგა. ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება დათმო და მუზეტის საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.
მეორე სეტი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. მუზეტიმ ორი ბრეიკი შეასრულა და საწყისი 3 გეიმი მოიგო. მე-4 გეიმში, ნიკამ ბრეიკპოინტი გამოიყენა და ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა. მუზეტიმ უკუბრეიკი შემოგვთავაზა და სასურველი შედეგი დააფიქსირა - 6:2.
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, ქართველი ჩოგბურთელი ქუენტინ ჰალისს დაუპირისპირდა და ორ სეტში იმარჯვა - 6:3, 6:4. მუზეტის რაც შეეხება, ის მომდევნო შეხვედრას მე-3 ნომრად განთესილი კასპერ რუდის წინააღმდეგ გამართავს.