გოლდენ სტეიტმა სტუმრად პირველად მოიგო - ლეიკერსის ზედიზედ მესამე გამარჯვება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მიმდინარე რეგულარულში სტუმრად პირველი შეხვედრა მოიგო. „მეომრებმა“ დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, „ჰიუსტონ როქეთსი“ დაამარცხეს და მეტოქეს 127:120 სძლიეს.
„გოლდენ სტეიტის“ მრისხანე ტრიოს, სტეფ კარის, ენდრიუ უიგინსსა და კლეი ტომპსონს გამორჩეული მატჩი ჰქონდა. მათ ჯამში 23 სამქულიანი ჩააგდეს და 3 კალათბურთელის მიერ ერთ შეხვედრაში გაფორმებული სამქულიანების რაოდენობით NBA-ის რეკორდი დაამყარეს. ყველაზე, მეტი, 10 სამიანი კლეის ანგარიშზეა და მან მატჩი 41 ქულით დაასრულა. სტეფმა პერიმეტრიდან 7 ტყორცნა გამოიყენა და 33 ქულა, 15 ასისტი და 6 მოხსნა დააგროვა, უიგინსის ანგარიშზე კი 11-დან 6 ჩაგდებული სამიანი იყო და მან გუნდს 22 ქულა შესძინა.
Things you love to see ⤵️ https://t.co/WCDjViHlcp pic.twitter.com/Dx7hpLB2dM
— Golden State Warriors (@warriors) November 21, 2022
„გოლდენ სტეიტის“ მსგავსად, გამარჯვება იზეიმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოასპარეზე „ლეიკერსმა“ „სან ანტონიო სპურსი“ გაანადგურა და გრეგ პოპოვიჩის გუნდს 123-92 სძლია. „ლეიკერსის“ მხრიდან საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც 30 ქულა, 18 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ოსტინ რივზს 21 ქულა ჰქონდა, რასელ უესტბრუკი კი ორმაგ დუბლს დასჯერდა - 10 ქულა, 10 ასისტი, 4 მოხსნა.
Thomas Bryant printing out posters! (And LeBron approves) pic.twitter.com/E6j0yf9J6r
— Los Angeles Lakers (@Lakers) November 21, 2022
შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსმა“ ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და ეს მიმდინარე რეგულარულში პირველად გააკეთა. ლოს ანჯელესელები დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებენ და „მინესოტა ტიმბერვულვზს“ 3 მოგებით ჩამორჩებიან.