მანჩესტერ იუნაიტედი, ანტონი
Aa Aa

“თვალები დავხუჭე და მიცვალებულს გადავაბიჯე“ - მე ანტონი ვარ

„ჯოჯოხეთში დავიბადე.. ეს ხუმრობა არ არის! ჩემმა ევროპელმა მეგობრებმა არაფერი იციან ფაველას შესახებ. ადგილზე, სადაც მე გავიზარდე.. ამ ადგილს კი რეალურად „ინფერნო“.. ანუ პატარა ჯოჯოხეთი ჰქვია..

თუ მართლა გსურს ჩემი, როგორც ადამიანის გაცნობა, მაშინ უნდა გესმოდეს, საიდან ვარ.. ჩემი ისტორია, ჩემი ფესვები.. „ინფერნო“..

ეს სამარცხვინო ადგილია. ჩემი სახლის კარიდან 15 მეტრში ყოველთვის იდგნენ ნარკოდილერები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ და ნარკოტიკს ხელჩაკიდებულები გადასცემდნენ.. საშინელი სუნი დაძინების საშუალებას არ მაძლევდა..

სინამდვილეში ჩემი პირველი ისტორია მამაჩემს ეხება, რომელიც სახლთან მყოფ ადამიანებს კვირაობით უყვიროდა და აგდებდა, რადგან ჩვენ ტელევიზორში ფეხბურთის მშვიდად ყურება გვინდოდა..

იარაღის ყურებას ისე ვიყავით მიჩვეული, რომ ეს ყოველდღიურობა გახდა და რეაქცია აღარ გვქონდა. უფრო მეტად პოლიციელების კარზე კაკუნი გვაშინებდა. ერთ დღეს ისინი სახლში შემოიჭრნენ და რაღაცას ეძებდნენ. ყვიროდნენ და რა თქმა უნდა, ვერაფერი იპოვეს.. როდესაც ასაკით პატარა ხარ ასეთი მომენტები შენზე დიდ გავლენას ახდენს..

ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მინახავს, რასაც მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვისაც ამით ფაველაში უცხოვრია.. ერთ დღეს, 8 ან 9 წლის ვიყავი და სკოლაში მივდიოდი.. ერთ-ერთ ვიწრო შესახვევში გზაზე დაწოლილი ადამიანი შემხვდა. არ მოძრაობდა.. ახლოს რომ მივედი, მივხვდი, რომ არ სუნთქავდა.. მკვდარი იყო..

ფაველაში ასეთ რაღაცებს უნდა მიეჩვიო, სხვანაირად გაგიჟდები.. სხვა გზა არ მქონდა სკოლაში უნდა მივსულიყავი. ამიტომ თვალები დავხუჭე და მიცვალებულს გადავაბიჯე..

ეს იყო ჩემი რეალობა.. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან იღბლიანი ბავშვი ვიყავი, რადგან ყველა სირთულის მიუხედავად სამოთხიდან საჩუქარი მივიღე. ბურთი ჩემი გადამრჩენელი იყო. „ინფერნოში“ ჩვენ არ გვაინტერესებს საშობაო სათამაშოები.. ნებისმიერი ბურთი, რომელიც დაგორავს ჩვენთვის იდეალურია..

ყოველდღე ჩემს უფროს ძმას სკვერში ფეხბურთის სათამაშოდ დავყავდი. ფაველაში ყველა თამაშობს. ბავშვები, მოხუცები, მასწავლებლები, მუშები, ავტობუსის მძღოლები, ნარკოდილერები, განგსტერები.. იქ ყველა თანასწორია. მამაჩემის დროს სტადიონებზე ტალახის მეტს ვერაფერს ნახავდი, ხოლო ჩემს ბავშვობაში უკვე ასფალტი დააგეს. თავიდან ფეხშიშველი ვთამაშობდი და ფეხის გულები სულ სისხლიანი მქონდა.

სათანადო ფეხსაცმლის ფული არ მქონდა. პატარა ვიყავი, მაგრამ დრიბლინგს ღვთისგან მოცემული ნიჭით ვასრულებდი. დრიბლინგი ყოველთვის ჩემი მთავარი იარაღი იყო. ბუნებრივი ინსტიქტი, რომელსაც ვერ ისწავლი. ეს დაბადებიდან უნდა გქონდეს. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის ვეთამაშებოდი, არავისი მერიდებოდა. იქნებოდა ეს ნარკოდილერი, თუ ავტობუსის მძღოლი..

როდესაც ბურთი ფეხებთან მქონდა, არაფრის მეშინოდა..

ჩემი ყველა ხრიკი ლეგენდებისგან ვისწავლე. რონალდინიო, ნეიმარი, კრიშტიანუ.. მე მათ Youtube-ზე ვუყურებდი. პირველად მათ თამაშს ბიძაჩემმა ტონიოლომ მაყურებინა. რეალურად, ის ნამდვილი ბიძა არ არის. მეზობელი იყო, მაგრამ ისე მექცეოდა, როგორც ოჯახის წევრი მომექცეოდა.. პატარაობისას ის თავის WIFI-ს პაროლს მაძლევდა, რათა საფეხბურთო განათლება მიმეღო. თუ ორი პური ჰქონდა, ერთს აუცილებლად მე მაძლევდა.

ყოველთვის ვამბობ, რომ არასწორ ადგილზე გავიზარდე, მაგრამ სწორ ხალხთან ერთად.. 8 წლის ასაკში, როდესაც სკვერში ვთამაშობდი ჩემი ანგელოზი პირველად გამოჩნდა. განგსტერებს გიჟი ნაბი***ვით ვატყუებდი. უცნობი კაცი ამ ყველაფერს უყურებდა და ის სხვა მაყურებლებს მიუტრიალდა და იკითხა:

„ვინ არის ეს პატარა ბავშვი“?

„ბავშვი? ანტონი..“

ის ადამიანი „გრემიო ბარუერის“ დირექტორი იყო. მან მომცა ჩემი პირველი შანსი - დამეტოვებინა ოჯახი და მათი ფუტსალის გუნდში მეთამაშა.. ამის შემდეგ ოცნება დავიწყე..

ერთ დღეს, ქუჩაში დედასთან ერთად ვსეირნობდი და ლამაზი წითელი მანქანა დავინახე. Range Rover იყო, მაგრამ ჩემთვის „ფერარის“ ნახვას ჰგავდა.. ყველა მას უყურებდა..

დედას შევხედე და ვუთხარი:

„ერთ დღეს, როდესაც მე ფეხბურთელი ვიქნები ასეთ მანქანას ვიყიდი..“

რა თქმა უნდა, დამცინა..

არადა მე სრული სერიოზულობით ვთქვი..

მე ვუთხარი: „ნუ ნერვიულობ, ტარების უფლებას მოგცემ..“

იმ პერიოდში მშობლებთან ერთად მეძინა, რადგან ცალკე ჩემი საწოლის ფული არ გვქონდა. ერთ მხარეს დედა იწვა, მეორე მხარეს მამა. ასეთმა სიახლოვემ გადაგვარჩინა. შემდეგ მოხდა რაღაც, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა..

11 წლის ვიყავი და ჩემი მშობლები დაშორდნენ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი იყო. ადრე ერთმანეთი მაინც გვყავდა და ახლა სიცარიელე გაჩნდა. ღამე, საწოლში დედას მხარეს ვბრუნდებოდი, მაგრამ ის იქ აღარ იწვა.. ეს დამღუპველი იყო, მაგრამ დიდი მოტივაცია მომცა. თვალებს ვხუჭავდი და ვფიქრობდი:

„ამ მდგომარეობიდან გამოხვალ ანტონი, ამას აუცილებლად დაძლევ..“

მამა სამუშაოდ დილის 5 საათზე გადიოდა და ღამე 8-ზე ბრუნდებოდა. ის ასე ჩემს გამო წვალობდა და დავპირდი, რომ ძალიან მალე მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.

ჟურნალისტები ყოველთვის გეკითხებიან რას არის შენი ოცნება.. ჩემპიონთა ლიგა? მსოფლიო ჩემპიონატი? ოქროს ბურთ?..

ეს არ არის ოცნებები.. ეს არის მიზნები.. ჩემი ერთადერთი ოცნება მშობლების ფაველადან გაყვანა იყო. არ არსებობდა გეგმა B. ამის შესრულებას ვაპირებდი..

14 წლის ასაკში „სან პაულუში“ ვარჯიშის შანსი მომეცა. ყოველდღე, სკოლის შემდეგ მატარებლით სრულიად მშიერი ვმგზავრობდი. ხანდახან, თუ კარგი დღე იყო მე და ჩემი თანაგუნდელები ფულს ვაგროვებდით და უკანა გზისთვის ნამცხვარს ვყიდულობდით. შიმშილი ყველაზე ცუდი რეალობაა..

შინაგანი პრობლემები მქონდა.. გაურკვეველ სიბრაზეს ვგრძნობდი.. ემოციებთან დაკავშირებით პრობლემებს წავაწყდი.. სამ სხვადასხვა დროს სამი კლუბიდან გამომაგდეს. სამ სხვა კლუბში კი დარჩენას მეხვეწებოდნენ.. ეს ღვთის გეგმა იყო..

ყოველთვის ძალიან გამხდარი ვიყავი, მაგრამ მთელი მონდომებით ვთამაშობდი. ეს არის ინტენსივობა, რომელიც ქუჩაში ვისწავლე. ამას ვერ გააყალბებ! ხალხი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ვიტყუები, მაგრამ მას შემდეგ, რაც „სან პაულუში“ პროფესიონალური დებიუტი მქონდა იმ დროს ჯერ კიდევ ფაველაში ვცხოვრობდი.. ეს სიმართლეა!! 18 წლის ასაკში ჯერ კიდევ მამასთან ერთად მეძინა. 2019 წელსაც კი, როდესაც პაულისტას ფინალში „კორინთიასს“ გოლი გავუტანე ფაველაში, საკუთარ სახლში დავბრუნდი და უცხო ადამიანები ჩემზე საუბრობდნენ..

„მე შენ ტელევიზორში გნახე, აქ რას აკეთებ?“

„მეგობარო, მე აქ ვცხოვრობ.“

ისინი ბევრს იცინოდნენ და ჩემი არ სჯეროდათ..

ერთი წლის შემდეგ, „აიაქსში“ გადავედი. დიახ, ასე მალე შეიცვალა ყველაფერი. მე არამარტო ჩემი საწოლი, არამედ წითელი Range Rover მყავდა. დედას დავურეკე და ჩემი მიცემული პირობა გავახსენე.. ის ატირდა..

სულ მალე „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოვჩნდი. ხალხი დღემდე მეკითხება, თუ როგორ მოვახერხე ასე სწრაფად ყველაფერი. ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოედანზე არაფრის მეშინია. შიში? რა არის შიში? როდესაც ფაველაში სკოლის მიმავალ გზაზე მიცვალებულზე გადაბიჯება გიწევს ფეხბურთში არაფრის აღარ შეგეშინდება. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ ვერ ხედავ.. ეს უნდა გამოცადო..

ცხოვრებაში საკმარისად ვიტანჯებით, საკმარისად ვღელავთ და საკმარისად ვტირით..

მაგრამ ფეხბურთში? ფეხებთან ბურთით მხოლოდ სიხარული უნდა იგრძნოთ. მე დრიბლიორად დავიბადე, ეს ჩემი ფესვების ნაწილია. ეს ის საჩუქარია, რომელმაც სიღარიბიდან ოცნების თეატრში წამიყვანა.

სათამაშო სტილს არასდროს შევცვლი, რადგან ეს ჩემი ნაწილია.. ჩემი, როგორც ღარიბი ბრაზილიელი ბავშვის ნაწილი.. ყველაფერს თავისი მიზანი აქვს. მოწინააღმდეგეზე თამამად მივდივარ, შიშში ვაგდებ, სივრცეებს ვქმნი, ჩემი გუნდის თამაშში განსხვავება შემაქვს..

თუ ფიქრობ, რომ მე უბრალოდ ჯამბაზი ვარ, მაშინ არ მიცნობ და არაფერი გესმის.. მე რონალდინიოს, რონალდუს და ნეიმარის ვიდეოებზე გავიზარდე.. მათ შთამაგონეს.. გაოგნებული ვუყურებდი ამ ღმერთებს ნაჩუქარი WIFi-ს პაროლით.. შემდეგ, მათი მიბაძვის მიზნით ბეტონის მოედანზე გავედი..

მაშინაც კი, თუ ჯოჯოხეთში დაიბადე, ეს სამოთხის მცირე საჩუქარია..

როდესაც ადამიანები მეკითხებიან: „რა აზრი აქვს შენს სტილს, რა შეტყობინებას უგზავნი ხალხს?“

მეგობრებო, მე ჩემს ოჯახს ვუგზავნი შეტყობინებას..

ევროპაში, სადაც ყოველ საღამოს სუფრაზე პური დევს, ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ ფეხბურთი თამაშია. ლამაზი თამაში, მაგრამ მაინც თამაში. ეს არის ცხოვრება, რომელიც სერიოზულია, ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც დავიბადეთ მსოფლიოს პატარა ჯოჯოხეთში.

ყოველთვის ვამბობ, რომ სადაც არ უნდა წავიდე ცხოვრებაში, რაც არ უნდა დამემართოს, წარმოვადგენ იმ ადგილს, რომელმაც ყველაფერი მასწავლა. ჩემი სახლისა და ჩემი ხალხის გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყოველი მატჩის წინ, ბუცებზე პატარა შეხსენებას ვწერ..

„ფაველა“

თასმების შეკვრისას ყველაფერი მახსენდება..

ეს არის ჩემი ამბავი და თუ მაინც თვლი, რომ ჯამბაზი ვარ შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს..

ვინც ფაველადან მოდის, იმან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვეულებრივმა ადამიანმა..

ეს სიტყვები ჩემზე და ყველა ბრაზილიელზე მეტყველებს..“ - მე ანტონი ვარ

გაზიარება: