გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

„გადავწყვიტე მწვრთნელი გავხდე, ვნახოთ რა იქნება“ - მერებაშვილის ინტერვიუ

პოლონური სააგენტო Nafciarski.pl-ი საქართველოს ნაკრებისა და ვისლას ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი მერებაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს გვთავაზობს, რომელშიც ქართველი შემტევი სამომავლო გეგმებსა და „ვისლაში“ გატარებულ პერიოდზე საუბრობს.

ამჟამინდელი მდგომარეობა:

თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი კარგად მაქვს. ჯანმრთელი ვარ და არაფერი მაწუხებს. ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ და შემოთავაზებებისთვის მზად ვარ.

ვისლაში გატარებული პერიოდი:

როგორ მახსოვს? ძალიან კარგად, რადგან „ვისლაში“ 5 წელი გავატარე. ამ პერიოდმა ბევრი დადებითი ემოცია გამომატარა. მართლაც, პლოცკში საოცარი პერიოდი გავატარე. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო. ეს პერიოდი ყოველთვის მემახსოვრება.

დასამახსოვრებელი მატჩი ვისლაში:

ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა გატანილი გოლი მახსოვს. ალბათ, ჩემთვის საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი გოლი ზაგლებიეს გავუტანე, როდესაც სახლში 2:1 დავამარცხეთ, ასევე სტუმრად, „ზაბრზესთან“ გატანილი გოლი, რომლითაც 0:1 მოვიგეთ. ეს გოლი როგორც ჩემთვის, ისე „ვისლასთვისაც“ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი წყალობით ექსტრაკლასაში დავრჩით.

ყველაზე გიჟური მატჩი იყო „გორნიკ ლეჩნასთან“, სტუმრად, რომელიც 3:2 მოვიგეთ. მე-60 წუთამდე 2:0-ს ვაგებდით, შემდეგ კი 3:2 მოვიგეთ. ბოლო გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა გავაკეთე, ეს მატჩი ჩემთვის ნამდვილად გიჟური იყო.

გეგმები კარიერის დასრულების შემდეგ:

პირველ რიგში ვიტყვი, რომ მსურს კიდევ ერთი წელი ვითამაშო, შეიძლება ორიც, რადგან თავს კარგად ვგრძნობ. ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაში ვარ და ამიტომ ვფიქრობ, რომ თამაშის გაგრძელება შემიძლია. თუმცა, უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გავხდები. უკვე დავიწყე სამწვრთნელო ლიცენზიების კურსები. ერთი წლის შემდეგ უეფას A კატეგორიის სერტიფიკატი მექნება.

ვისლაში დაბრუნება მწვრთნელის ამპლუაში:

რა თქმა უნდა, ეს მინდა! „ვისლა“ ჩემი სახლია. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. კლუბში სიამოვნებით ვიმუშავებდი როგორც მწვრთნელად, ისე მენეჯერად. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემთვის სასიამოვნო იქნება პლოცკში დაბრუნება.

საუბარი ვისლას პრეზიდენტთან:

დიახ, ვისაუბრეთ. ძალიან სასიამოვნო და პროდუქტიული საუბარი იყო, რადგან მითხრა, რომ გუნდის კარი ჩემთვის ყოველთვის ღია იქნება. მან ყველაფერი საუკეთესო მისურვა. სულ ეს იყო, დანარჩენ თემებზე არ გვისაუბრია.

ყოფილ თანაგუნდელებთან კონტაქტი:

რამდენიმე მოთამაშესთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. ერთმანეთს ყოველთვის ვწერთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე. მაქვს ურთიერთობა რამდენიმე თანამშრომელთანაც. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, „ვისლაში“ ბევრი მეგობარი მყავს.

„ვისლას“ ისტორიაში ბოლო 20 წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრა:

დიახ, ვნახე ეს თერთმეტეული. რა თქმა უნდა, ეს საოცარია და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ გულშემატკივრები ასე მაფასებენ. როგორც გითხარით, „ვისლა პლოცკი“ ჩემი ოჯახია და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის მემახსოვრება გუნდში გატარებული დრო. ეს პერიოდი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გუნდის გულშემატკივრების შესახებ:

შემიძლია ფანებზე საათობით ვისაუბრო. ისინი მუდამ ჩემთან იყვნენ და ყოველთვის გვერდით მედგნენ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ჩემს გულში იყავით, ხართ და იქნებით. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა, რადგან მახსოვს, როგორ მეხმარებოდით და როგორ იყავით ყოველთვის ჩემთან ერთად, მადლობა!

შეგახსენებთ, რომ გიორგი მერებაშვილი „ვისლა პლოცკის“ შემადგენლობაში 2016 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა. გუნდის მაისურით 36 წლის ფეხბურთელმა 131 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. მერებაშვილი ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტია და ახალ შემოთავაზებებს ეძებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანო: „კვარა უბრალოდ ტოპია, ხვიჩა ფეხბურთით ცხოვრობს“
ჯანო: „კვარა უბრალოდ ტოპია, ხვიჩა ფეხბურთით ცხოვრობს“