არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ფინალის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა“ - მესის პირველი ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონის რანგში

არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა, ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ არგენტინელ ჟურნალისტთან, ენდრი კუზნეცოვთან ჩაწერა.

35 წლის ფეხბურთელი ინტერვიუს დროს მსოფლიო ჩემპიონობისგან გამოწვეულ ემოციებს იხსენებს და განვლილ გზას განიხილავს. ამის გარდა, ლეო მესი გულშემატკივრებისთვის არაერთ საინტერესო თემაზე საუბრობს.

რას ეტყოდა მსოფლიო ჩემპიონი მესი ბარსელონაში ახლადჩასულ მესის?

ვეტყოდი, რომ წინ რაღაც არაჩვეულებრივი ელის, ის, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა. ვეტყოდი იმას, რომ ძალიან ლამაზი გზა ექნება, მძიმე მომენტებით, რომელთა გადალახვაც მოუწევს, მაგრამ ოცნებებს არასდროს დათმობს. მოიგებს საოცნებო ჯილდოს და მის განვლილ გზას ექნება ბედნიერი დასასრული, თითქოს ეს ფილმი იყოს.

სინანული დიეგო მარადონას გამო

ძალიან მინდოდა, რომ მას ეს ყველაფერი ენახა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს მაინც დაინახავდა. დიეგო რომ ცოცხალი ყოფილიყო, თასს ის გადმომცემდა. ეს სცენა ძალიან ლამაზი იქნებოდა.

გამოხმაურება სოციალურ ქსელში

ჩემი სურვილი არ ყოფილა, რომ ისტორიაში ყველაზე მეტი მოწონების ფოტოს ავტორი გავმხდარიყავი, ეს თავისით მოხდა. როგორც ჩანს ხალხს ჩემი თასით ხელში დანახვა უნდოდა. უამრავი მესიჯი მომივიდა და ძალიან რთულია ყველასთვის პასუხის გაცემა, ბოლოს ინსტაგრამმა ჩემი გვერდი დაბლოკა კიდეც, ძალიან ბევრი მესიჯი მომდიოდა... მოკლედ, სიგიჟე იყო.

ნიდერლანდელ ფეხბურთელებთან და ვან გაალთან დაპირისპირება

ამაზე წინასწარ არ მიფიქრია, ემოციებმა იმ მომენტში იფეთქა. ვიცოდი ყველაფერი, რაც მათ თამაშამდე გააკეთეს, რაც ვან გაალმა თქვა. ჩემმა თანაგუნდელებმა ყველაფერი მითხრეს. როცა ყველაფერი დასრულდა, მათ პასუხი გავეცი. არ მომეწონა რაც გავაკეთე, მასთან არ უნდა მივსულიყავი. მაგრამ ძალიან დაძაბულები ვიყავით, ყველაფერი სწრაფად მოხდა. ზოგადად, ადამიანი ინდივიდუალურად რეაგირებს სხვადასხვა საკითხებზე, იმ მომენტში საერთოდ არ მიფიქრია შედეგებზე. ახლა, ამ სურათის გახსენება არ მსიამოვნებს.

კოცნა მსოფლიო ჩემპიონატის ჯილდოზე

როდესაც ის დავინახე, თავი ვერ შევიკავე და გავაკეთე ის, რაც რაც გავაკეთე. თასმა თითქოს დამიძახა: „მოდი, ახლა შეგიძლია შემეხო“. წავედი საკოცნელად, რადგან ეს მჭირდებოდა.

მონტიელის გადამწყვეტი პენალტი

რთულია იმის ახსნა, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი. გონებაში ბევრი რამ მიტრიალებდა. არ გვჯეროდა, რომ ეს თასი საბოლოოდ ჩვენი იყო. ეროვნულ გუნდთან ერთად მივაღწიე ამ ყველაფერს, მათ მაჩუქეს ეს თასი. ეს იყო ჩემი კარიერის უნიკალური გზით დახურვა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ასე დასრულდებოდა, იმ მომენტში განცდილი ემოციები საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში.

ცხოვრება ფინალის წინა ღამეს

ანტონელასთან ერთად იმას ვაკეთებდი, რასაც მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ვაკეთებდით. ძილის წინ ვისაუბრეთ, მაგრამ თამაშზე ბევრი არ გვილაპარაკია, განსაკუთრებული არაფერი. იგივე რუტინა გვქონდა, როგორც ყველა თამაშის წინ. ძალიან მშვიდად ვიყავი და კარგად მეძინა. ზოგადად, მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ძალიან მოდუნებული ვიყავი. ვგრძნობდი, რომ კარგად ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით ამ ტურნირის მოსაგებად.

პირველი სიტყვები მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ

იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩემთვის და ყველასთვის ეს რაღაც შთამბეჭდავი იყო. ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი, როგორც იქნა ახდა. ჩემი კარიერა ახლა თითქმის ბოლომდე მივიდა.

მესის შვილები მსოფლიო ჩემპიონატზე

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის წარმოუდგენელი თვე იყო. ტიაგო ნამდვილი გიჟი იყო. ვხედავდი, როგორ სიამოვნებდა ყველაფერი, როგორც გრძნობდა და როგორ განიცდიდა... ნიდერლანდებთან თამაშის შემდეგ ის ტიროდა. მატეო მათემატიკურ გათვლებს აკეთებდა. ჩიროს ყველაზე ნაკლებად ესმოდა, მაგრამ ტიაგო და მატეო ისე ცხოვრობდნენ, როგორც გულშემატკივრები. განიცდიდნენ, გრძნობდნენ, სიამოვნებას იღებდნენ. როდესაც პარიზში დავბრუნდით, კატარში გატარებული დღეები გვენატრებოდა. შესანიშნავი პერიოდი იყო.

სამწვრთნელო შტაბი

ყველა დიდებული ადამიანები არიან. იციან, რა არის ეროვნული ნაკრები, ისინი ამით ცხოვრობდნენ. ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებმაც ეს ყველაფერი გამოიარეს. იცოდნენ, როგორ უნდა გამკლავებოდნენ ემოციებს ნებისმიერ დროს. ჰქონდათ მსოფლიო ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის გამოცდილება. მატჩებისთვის მომზადების პროცესს საოცრად უდგებოდნენ. ამის გამო, ყველა თამაშში მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. ყოველთვის ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა.

რთული პერიოდი მუნდიალზე

იმის მიუხედავად, რომ საუდის არაბეთთან დამარცხება მძიმე იყო, ყველაზე რთული მომენტი მაინც მექსიკასთან გვქონდა, რადგან ყველაფერი სასწორზე იდგა. ვფიქრობ, რომ განსხვავებული კუთხით ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო, რადგან მოგებისთვის ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. ეს სხვაგვარად თამაშს გვაიძულებდა. მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა და ამ გამოცდას ჩავაბარებდით.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო დამატებითი ტაიმების ჩათვლით ფრედ, 3:3 მორჩა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი უფრო ძლიერი არგენტინის ეროვნული გუნდი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ემოცია ოჯახის წევრის დაკარგვაზე უარესია“ - რიშარლისონი ხორვატიასთან მარცხზე
„ეს ემოცია ოჯახის წევრის დაკარგვაზე უარესია“ - რიშარლისონი ხორვატიასთან მარცხზე