LIVE - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე
Aa
Aa

LIVE - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იხურება და კლუბებს შემადგენლობის გასაძლიერებლად საათებიღა რჩებათ. უცხოურ პრესაში შესაძლო ტრანსფერების შესახებ აქტიურად იწერება და Crystalsport-ის გუნდი ყველაზე საინტერესო სიახლეებს მთელი დღის განმავლობაში LIVE რეჟიმში შემოგთავაზებთ.

***

პორტუგალიური RTP იუწყებოდა, რომ „ჩელსიმ“ 22 წლის ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე ლისაბონის „ბენფიკასთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია, არგენტინელი ლისაბონურ კლუბში რჩებოდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის მიწურულს ვითარება შეიცვალა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხნება ყველა დეტალზე შედგა და ენცო კარიერას ლონდონურ კლუბში გაატარებს.

ტრანსფერი იმ გარემოებამ შეაფერხა, რომ ლონდონის „ჩელსი“ მზად იყო „ბენფიკას“ მოთხოვნა შეესრულებინა, 120 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ინგლისურ კლუბს სატრანსფერო თანხის ეტაპობრივად გადახდა სურდა.

ენცო „რივერ პლეიტის“ აღზრდილია, გასულ წელს „ბენფიკაში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა. არგენტინელი კატარის მუნდიალის გამარჯვებულია.

თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფორვარდი გიორგი გაბედავა კარიერას ისრაელის რანგით მეორე ლიგაში, „ჰაპოელ აკრეში“ გააგრელებს. 33 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

გაბედავას უკრაინის უმაღლესი ლიგის „ილიჩევეცსა“ (2010) და პოლონეთის ექსტრაკლასას სასნოვეცის „ზაგლემბეში“ (2019) უთამაშია. „ჰაპოელ აკრე“ მისი მესამე უცხოური კლუბია.

მილან შკრინიარის საგა სრულდება. სლოვაკი ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. აქედან გამომდინარე, „ინტერი“ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „მან. სიტი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. სასურველი მოთამაშების სიაში „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს. წყაროს ინფორმაციით, თუ ფოდენი შუაში შეიწევს მისთვის საყვარელ პოზიციაზე (ჰოლანდის უკან ითამაშებს), „ქალაქელები“ რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერებზე იმუშავებენ.

Daily Mail: „მან. სიტი“ ლეაოს გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. ასევეა, ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით, რომელსაც ევროპაში ბევრი მსურველი ჰყავს“.

რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას გარდა პეპ გუარდიოლა ჯუდ ბელინგემისა და ჯეიმს მედისონის ტრანსფერებზე ფიქრობს.

Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, „ბაიერნის“ 28 წლის ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც შემდგომში გამოსყიდვას არ გულისხმობს.

ინგლისური კლუბი კრისტიან ერიქსენის შემცვლელად ზაბიცერის გარდა „ლიონის“ 24 წლის ნახევარმცველის, უსემ აუარის კანდიდატურასაც განიხილავდა, თუმცა ერიკ ტენ ჰაგისთვის პრიორიტეტი ზაბიცერი იყო.

ფეხბურთელი მანჩესტერში გაფრინდა, კადრები აეროპორტიდან ტორბენ ჰოფმანმა გაავრცელა.

Relovo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო ახალ ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ კეილორ ნავასი სულ მალე „ნოტინგემ ფორესტის“ ღირსებას დაიცავს. მორეტოს თქმით, მოსაგვარებელი სულ მცირე დეტალებია დარჩენილი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკიმ ზიეჩი შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს. ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’equipe ახალ ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ მაროკოელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

ზიეჩი „პარი სენ ჟერმენთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. თუ რამდენი იქნება მისი ანაზღაურება ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო დღეების განმავლობაში იწერებოდა, რომ ესპანელი ნახევარმცველი „უნიონ ბერლინს“ შეუერთდებოდა. ისკო ალარკონი გერმანიაში იმყოფებოდა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. მხარეები კონტრაქტზეც შეთანხმდნენ და ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი. სულ ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტულმა გამოცემა BILD-მა დაწერა, რომ ისკოს ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ჯერჯერობით ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ ერთი რამ ნათელია - „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი „უნიონ ბერლინში“ არ ითამაშებს.

CrystalSport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2,5-წლიანია, ბუდუ გერმანულ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ახალ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს.

ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბუდუ ახალ გუნდში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

პორტუგალიური RTP იუწყება, რომ „ჩელსიმ“ ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე ლისაბონის „ბენფიკასთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია, არგენტინელი ლისაბონურ კლუბში რჩება.

„არისტოკრატები“ მზად იყვნენ, რომ პორტუგალიური კლუბის მოთხოვნა დაეკმაყოფინებინათ, ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა ინგლისურ კლუბს სატრანსფერო თანხის ეტაპობრივად გადახდა სურდა, „ბენფიკა“ კი ამის წინააღმედეგი იყო, თანხის ერთიანად მიღებას მოითხოვდა. „ჩელსი“ 120 მილიონის ერთიანად გადახდას არ აპირებდა. ტრანსფერი ამ მიზეზით არ შედგა.

ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელების შანსი მიზერულია, თითქმის გამორიცხულია, რომ ენცო „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდეს.

***

ბაიერნის ფეხბურთელის, მარსელ ზაბიტცერის გადაბირება ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედს სურთ.

მანჩესტერ სიტი ჯეიმს მედისონით ინტერესდება.

მანჩესტერ იუნაიტედს იანიკ კარასკო შესთავაზეს. წითელ ეშმაკებს კრისტიან ერიქსენი გამოაკლდათ და კარასკოს საკითხი აქტუალური ამის შემდეგ გახდა.

ინტერმა მილან შკრინიარის შემცვლელი ვერ იპოვა და სლოვაკ ფეხბურთელს არ გაუშვებს.

ბარსელონა ენტონი ელანგათი ინტერესდება. ბლაუგრანამ გარემარბის დამატება უსმან დემბელეს ტრავმის შემდეგ გადაწყვიტა.

დიეგო ლორენტე რომაში გადავიდა. ჯალოროსიმ იგი იჯარით გადაიყვანა და მისი გამოსყიდვა 18 მილიონ ევროდ შეეძლება.

ფიორენტინამ ბარსელონას ამრაბატის ტრანსფერზე უარი უთხრა.

ატლეტიკომ ტოტენჰემიდან მეტ დოჰერტი ინათხოვრა.

დავიდ ორნშტაინი: „ჩელსის ენცოს თაობაზე ბენფიკასთან შეთანხმება ჯერ კიდევ არ მიუღწევია. დიდი შანსია, ლურჯებს უკან დახევა მოუწიოთ".

კრისტალ პალასი და არსენალი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან და დიდი ალბათობით, ალბერტ სამი ლოკონგა არწივებს იჯარის წესით შეუერთდება. 

ჩელსი და არსენალი შეთანხმდნენ. მეთოფეები ჟორჟინიოს სანაცვლოდ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან და იტალიელს კონტრაქტს 2024 წლის 30 ივნისამდე გაუფორმებენ, თუმცა ხელშეკრულების 1 სეზონით გახანგრძლივების უფლება ექნებათ. ჟორჟინიო არსენალის საწვრთნელ ბაზას დღეს ესტუმრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი იტალიაში იმყოფება, რათა მილან შკრინიარის ტრანსფერი დახუროს.

დავიდ ორნშტაინის ინფორმაციით, უდიდესი ალბათობით, არსენალი ჟორჟინიოს გაიფორმებს. მეთოფეებმა ბრაიტონისგან კაისედოს თაობაზე უარი მიიღეს და იტალიელ ნახევარმცველზე გადაერთნენ.

Marca-ს ცნობით, ბარსელონაში იჯარით გადასვლის შემთხვევაში, ამრაბატის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.

პარი სენ-ჟერმენი ყველაფერს გააკეთებს, რათა მილან შკრინიარი გაიფორმოს. პარიზული გრანდი მზადაა, მის სანაცვლოდ 15+5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

დღეს, ლივერპული არავის გაიფორმებს, მოიზეს კაისედო ბრაიტონში რჩება.

ბარსელონამ ლოს ანჯელეს გელექსის წინადადებით მიმართა. ბლაუგრანას ხულიან არაუხოს გადაყვანა სურს, რომელსაც ექტორ ბელერინის შემცვლელად მოიაზრებენ. საუბარი მიდის იჯარაზე, რომლის დასრულების შემდეგაც, ბარსას ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

პარი სენ-ჟერმენმა ინტერს წინადადება გაუკეთა - 8 მილიონ ევროს + 2 მილიონი მილან შკრინიარის სანაცვლოდ. ნერაძურიმ უარი თქვა, რადგან სურს, სლოვაკი ივნისამდე დაიტოვოს.

ლესტერი ჯეკ ჰარისონის გადაბირებას აპირებს.

ევერტონი რენის ფეხბურთელის, კამალდინ სულემანასა და თავისუფალი აგენტის, ანდრე აიუს გაფორმებას გეგმავს.

ლივერპულმა შესაძლოა, ნგოლო კანტეს გადაბირება სცადოს. ჯერჯერობით უცნობია, მოლაპარაკებები ზამთარში დაიწყება თუ სეზონის ბოლოს.

ბარსელონამ სცადა, ჟოაუ კანსელუ გადაეყვანა, მაგრამ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ფაქტორის გამო ვერ აჯობა.

სასუოლოს ფეხბურთელი, ჰამად ტრაორე ბორნმუთში გადადის. იგი უკვე ინგლისში იმყოფება და იტალიური კლუბი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება.

არსენალმა ბრაიტონს ახალი წინადადებით მიმართა. მეთოფეებმა თოლიებს მოიზეს კაისედოს თაობაზე მე-3 შეთავაზება გაუგზავნეს და როგორც იწერება, მათგან თანხმობა მიიღეს.

ინტერმა ჰარი მაგუაიერის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ინგლისელ ფეხბურთელს ზამთარში ადგილსამყოფლის გამოცვლა არ სურს და ზაფხულს ელოდება.

ჩელსი მზადაა, ჟორჟინიო და კონორ გალაჰერი გაუშვას. ამ უკანასკნელის გადაბირება 45 მილიონ გირვანქა სტერლინგად ევერტონს სურს, ჟორჟინიო არსენალის სამიზნეა.

ჩელსი ენცო ფერნანდესს ელოდება და ბენფიკას შეუთანხმდა. არისტოკრატები გამოსასყიდი თანხის გადახდას დათანხმდნენ და არწივები ფულს რამდენიმე ნაწილად მიიღებენ.

ჩელსის ფეხბურთელი, ტიემუ ბაკაიოკო სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა. მისით ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე ინტერესდება.

პედრო პორო ტოტენჰემში გადადის. სპორტინგმა მის შემცვლელად ექტორ ბელერინი შეარჩია.

ჰაკიმ ზიეჩი პარიზში იმყოფება. მაროკოელი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენს შეუერთდება და პარკ დე პრენსზე იჯარის წესით ითამაშებს.

ბარსელონა სოფიან ამრაბატის ტრანსფერზე მუშაობს. ბლაუგრანას 6-თვიანი იჯარა და მაროკოელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება სურს.

ისკო კარიერას უნიონ ბერლინში გააგრძელებს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და სამედიცინო შემოწმება დღესაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები