ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე იაშვილი, ოლივერ კროიცერი
Aa
Aa

„მისი შეძენა ზაფხულშიც გვსურდა“ - კროიცერი ზივზივაძის ტრანსფერზე

ბუდუ ზივზივაძე „მოლ ფეჰერვარიდან“ „კარლსრუეში“ გადავიდა. ტრანსფერი გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„კარლსუეს“ სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბრისას ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფორვარდის დამატება გასულ ზაფხულშიც სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

„მას გასულ ზაფხულშიც ვაკვირდებოდით, მისი გადაბირება გვსურდა, მაგრამ ვერ შევძელით. ბუდუს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, ჩვენს შეტევით ხაზს გააძლიერებს. ბუდუ შეტევაში უნივერსალი და მრავალფეროვანი მოთამაშეა“.

ოლივერ კროიცერი 1991-97 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა, ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო, ერთხელ კი - UEFA-ს თასი.

2011 წელს „კარლსრუეს“ სპორტული დირექტორი გახდა და ერთი სეზონი ალექსანდრე იაშვილთან მუშაობდა. 2011-12 წლების სეზონში „კარლსრუე“ მესამე ბუნდესლიგაში გავარდა, რის შემდეგაც იაშვილმა და კროიცერმა გუნდი დატოვეს. იაშვილი „ბოხუმში“ გადავიდა, კროიცერმა კი „ჰამბურგში“ გააგრძელა მუშაობდა. 2016 წელს კროიცერი „კარლსრუეში“ დაბრუნდა და მას შემდეგ სპორტული დირექტორის პოსტს იკავებს.

„კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერია, რომელიც 2007-09 წლებში იაშვილის თანაგუნდელი იყო. გერმანული BNN-ის ინფორმაციით, ზივზივაძის ვარიანტი გერმანულ კლუბს იაშვილმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა.

„კარლსრუეს“ ზივზივაძის გადაბირება მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, 2022 წლის ზაფხულში სურდა, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა. „კარლსრუეს“ ინტერესის შესახებ ზივზივაძემ გასული წლის ივნისში „საგოლე გადაცემაში“ ისაუბრა

„მეორე ბუნდესლიგის ''კარლსრუეა'' დაინტერესებული. გერმანული კლუბი ''მოლ ფეჰერვარს'' სატრანსფერო თანხაზე უნდა შეუთანხმდეს. რა თქმა უნდა, თუ კლუბები შეთანხმებიან, გერმანიაში თამაშის სურვილი მაქვს. თუ მეორე ბუნდესლიგაში გოლებს გავიტან, ბუნდესლიგა ერთ ნაბიჯშია, ბუნდესლიგიდანაც გაჩნდება ინტერესი. გარდა ამისა, შესაძლოა ''კარლსრუემ'' ბუნდესლიგაში აღზევებისთვის იბრძოლოს. ალექსანდრე იაშვილს, რომელიც ''კარლსრუეში'' თამაშობდა, ''კარლსრუესთან'' დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა სანაკრებო მატჩებამდე არ მითხრა. როცა შეხვედრები დასრულდა, შემდეგ მითხრა, რომ ''კარლსრუედან'' ინტერესი იყო. იაშვილმა მითხრა, რომ არ მინდოდა თამაშებამდე მეთქვა, რადგან შესაძლოა, ამ ტრანსფერზე ბევრი გეფიქრაო''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტი გააფორმა - ზივზივაძე კარლსრუეში 2025 წლამდე ითამაშებს
კონტრაქტი გააფორმა - ზივზივაძე კარლსრუეში 2025 წლამდე ითამაშებს