ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„კვარას და ოსის შთაგონება უმნიშვნელოვანესია“ - სპალეტი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „სპეციას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:3 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 47-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. 68-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, ზუსტად 5 წუთში კი ნიგერიელმა ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიას პასი გამოიყენა და „სპეციას“ კარში დუბლი შეასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სპალეტიმ:

ამ ტიპის მატჩებში განსხვავებას მოთამაშეთა ტვინები ქმნის. როდესაც თამაშები ფაქტობრივად დილით იმართება, ასეთ დროს მოთამაშეები ღამით, ძილის წინ ფიქრობენ ხოლმე რა უნდა გააკეთონ. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა.

რაც შეეხება კვარას და ოსიმენს, ჩვენ მათი შთაგონება გვჭირდება, მათი ხარისხი და ფანტაზია გუნდის წარმატებაში უმნიშვნელოვანესია. ისინი უხსნიან გუნდს გზას შეტევაში. მოედანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო - ზედაპირი სველი, შიგნით კი მშრალი. ამის გამო ჩვეული რიტმის პოვნა მარტივი არ ყოფილა. ოსიმენის ფიზიკური ძალა ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი იყო.

ლობოტკა ძლიერი მოთამაშეა, რომელიც გუნდის თამაშის ტემპს ხელმძღვანელობს. მას მნიშვნელოვანი გუნდური თვისებები აქვს. ეს მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელისთვის, მუდმივად გუნდზე უნდა ფიქრობდე, მაგალითად კვარას შემთხვევაში, როდესაც ოსიმენს გაატანინა. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სამომავლოდ კვარას უკვე ოსიმენი გაატანინებს. ეს თვისებები ბიჭებს ნამდვილად აქვთ.

რაც შეეხება ჩემპიონობას, ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც მიღწეული შედეგებით კმაყოფილდები, ან გინდა, რომ გააორმაგო. ჩვენ გაორმაგება გადავწყვიტეთ, სხვა რამეზე არც გვიფიქრია. ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც საყვარელი გუნდის გამო ლოცულობენ, ყველაფერს გავაკეთებთ. მათი სიყვარული მოედანზე შესაბამისად უნდა გადავიტანოთ.

21 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 56 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები