ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„კვარა და ოსიმენი ნეაპოლს სკუდეტოსკენ მიუძღვებიან“ - Marca

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „სპეციას“ დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო დამაჯერებლად, სამბურთიანი სხვაობით, 0:3 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 74 წუთი გაატარა და თავი თითო გოლითა და საგოლე პასით დაგვამახსოვრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლისა“ და ქართველი ფეხბურთელის შესახებ არაერთმა ევროპულმა სააგენტომ დაწერა, მათ შორის ერთ-ერთი კი ესპანური მარკაა, რომელმაც როგორც ხვიჩას, ისე ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

რას წერს Marca:

კვარაცხელია და ოსიმენი ნეაპოლის ყოვლისშემძლე ვარსკვლავები არიან. ისინი არიან ფიგურები, რომლებსაც თანაგუნდელები ნებისმიერი სირთულის ეპიზოდში ეყრდნობიან. ამ უქმეებზე მათ გოლითა და დუბლით სატურნირო ცხრილში გუნდის ლიდერობა კიდევ უფრო განამტკიცეს.

სერია A-ს დასრულებამდე ზუსტად 4 თვე რჩება, მაგრამ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მას ნაადრევი ჩემპიონი ეყოლება. ამის მთავარი მიზეზები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. გოლებით, ასისტებით და საკვანძო მომენტებში თავის გამოჩენით მათ პარტენოპელთა გუნდი მწვერვალზე აიყვანეს. უშუალო კონკურენტებთან მათ კოლოსალური უპირატესობა შექმნეს, რაც პრაქტიკულად გადაულახავ ბარიერად ჩამოყალიბდა.

„ნაპოლი“ საკრუიზო სისწრაფით მოძრაობს. ამ გუნდმა მშვენივრად იცის როგორ უნდა ითამაშოს, აწესებს თავის სტილს და თამაშის ტემპს სურვილისამებრ ადგენს. „სპეციას“ წინააღმდეგ გუნდმა ისე მოიგო, რომ თითქმის არცერთ დროს არ უბრძოლია, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. მასპინძლებმა დაცვაში კედელი ააშენეს, საკუთარი ნახევრის გარეთ ბურთის გაკონტროლებას საერთოდ არ ცდილობდნენ და კონტრშეტევებზე თამაში სურდათ.

ეს სტრატეგია მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩამოიშალა, როდესაც მათ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი ზუსტად კვარამ შეასრულა და ამან ყველაფერი შეცვალა. „ნაპოლი“ დაძაბულობისგან გათავისუფლდა და მალევე, ოსიმენმა თავით მეორე გოლი გაიტანა. „ნაპოლი“ თითქოს გაჩერდა, თუმცა მალევე „სპეციასგან“ მესამე შანსი მიიღო, რომელსაც ვერ გაანიავებდა. მასპინძლებისთვის, გოლის გატანის მცდელობა, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, მათივე კარში გატანილი ბურთით დასრულდა. კვარა მეკარის წინ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დარჩა და გადაწყვიტა ოსიმენს დუბლის შესრულებაში დახმარებოდა. ეს იყო გოლი, რომელიც იდეალურად გვაჩვენებს, თუ რას წარმოადგენს დღეს „ნაპოლი“. გუნდში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი თავის პირად სურვილებზე მაღლა დგას და ყველამ იცის, რომ ისტორიის შექმნის და მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა გუნდურობაა.

21 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 56 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ჯადოქარია“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს
„ნამდვილი ჯადოქარია“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს