რომან დოლიძე
Aa
Aa

უკრაინაში უშუქო დარბაზში MMA-ს ასწავლიდა | BBC-ის სტატია რომან დოლიძეზე

ავტორიტეტულმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტელეარხმა, BBC-იმ UFC-ის ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს სტატია მიუძღვნა. BBC-იმ „კავკასიელთან“ ინტერვიუ ჩაწერა და გაიხსენა დღე, როცა დოლიძე უკრაინას ესტუმრა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ სპორტდარბაზში ივარჯიშა.

ლონდონში გასამართ ჩხუბამდე, ქართველი რომან დოლიძე უკრაინაში დაბრუნდა, რათა MMA-ის გაკვეთილები ჩაეტარებინა.

„შუქი არაა და ქვეყანაში ომია, მაგრამ როცა ოცნება გაქვს, ლიმიტი არ არსებობს“.

„კარიერის უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე, რომელიც UFC 286-ის ეგიდით, ლონდონში გაიმართება, საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი, რომან დოლიძე უკრაინაში დაბრუნდა და თავის გამომწერებს განსაკუთრებული მესიჯი გაუგზავნა. რომანს ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული და ქალაქ ოდესას 20 წლის ასაკში მიაშურა. დოლიძემ ჯერ მაგისტრის ხარისხი აიღო, შემდეგ კი MMA-ის გაჰყვა და საკუთარი სპორტდარბაზიც გახსნა. რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებულ ომამდე, მას სპორტდარბაზის დახურვა მოუწია, რათა მთელი კონცენტრაცია მებრძოლის კარიერაზე გადაეტანა, თუმცა, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქთან ახლო კავშირი აქვს და ყოფილ მოსწავლეებს გრეპლინგის გაკვეთილებს უტარებს ხოლმე.

„ყველაფერი უკრაინაში დავიწყე და MMA-ში პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადავდგი. ადამიანი ძალიან საინტერესო არსებაა და ყველა სიტუაციას ეგუება. თავდაპირველად, ხვდები, რომ შენი ცხოვრება იცვლება და წარმოდგენა არ გაქვს, რა უნდა გააკეთო, მაგრამ შემდეგ, პოულობ გზას, რომლითაც ცხოვრებას აგრძელებ. ომი ყველა ადამიანს შეეხო და ბევრი მეგობარი მყავს, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ძალიან ცუდი და მძიმე ვითარებაა და სულ ვამბობდი, რომ ომში საუკეთესო ადამიანები იღუპებიან. უკრაინელ ხალხს ძალა და მტკიცე სურვილი აქვს, რომ სცადოს და რაღაც შეცვალოს. იმედია, ეს სიგიჟე მალე დასრულდება, რადგან ამ ომში სამართლიანობას ვერ ვხედავ“, - განუცხადა დოლიძემ BBC-ის.

იყო დრო, როცა მას უბრალოდ შეეძლო, თვითმფრინავის ბილეთი დაეჯავშნა და საქართველოდან უკრაინაში ჩაფრენილიყო, რათა ოჯახის წევრები და მეგობრები მოენახულებინა, მაგრამ მისი ბოლო მგზავრობა ბევრად, ბევრად გრძელი გამოვიდა. პირველი დანიშნულება თურქეთი იყო, შემდეგ მოლდოვა და ბოლოს ავტომობილი, რომლითაც საზღვარი გადაკვეთა. უკრაინაში შესვლის უფლების მიღების შემდეგ, დოლიძემ აღმოაჩინა, რომ ქალაქი, სადაც ადრე ცხოვრობდა, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი...

„საზღვარზე გადმოსვლა ძალიან ძნელია და უამრავ შეკითხვას გისვამენ. ქალაქში მთავარი პრობლემა უშუქობაა და 23:00-ის შემდეგ, გარეთ ყოფნის უფლება არ გაქვს. საღამოობით, როცა ვარჯიშები მიდის, შუქი არ გვაქვს, მაგრამ ხალხი მაინც ცდილობს, რაც შეიძლება, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს“, - ამბობს რომანი BBC-ისთან.

დოლიძე ქართველი მებრძოლების იმ ტალღის წარმომადგენელია, რომელიც UFC-ს შტურმით იღებს. მის გარდა, გამორჩეული პოზიციები მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიასა და გიგა ჭიკაძეს უკავიათ.

„საქართველოს ჭიდაობის დიდი ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ ტრადიციული ჭიდაობა გვაქვს, რომელსაც ქართული ჭიდაობა ჰქვია. ამ ეტაპზე, მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ  და დარწმუნებული ვარ, მალე UFC-ში და სხვა დიდ ორგანიზაციებში ძალიან ბევრ ქართველ მებრძოლს ვიხილავთ“, - აცხადებს რომანი.

დოლიძის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა MMA-ის მებრძოლის კარიერაზე არ ფიქრობდა და ფეხბურთელობა უნდოდა. მას ტრაბზონსპორსა და ანკარაგიუჯუში გაუტარებია დრო, მაგრამ კონტრაქტი ვერ მიიღო და ოცნებაზე უარის თქმა მოუწია. ამის შემდეგ, მან ყურადღება სამბოზე, ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე და გრეპლინგზე გადაიტანა, MMA-ის მებრძოლის კარიერა კი 28 წლის ასაკში დაიწყო. UFC-ში მისი დებიუტი 2020 წელს შედგა და მას შემდეგ, საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში მოახერხა ადგილის დამკვიდრება. რომანი მომდევნო ბრძოლას მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც რეიტინგში მე-4 გახლავთ.

„ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ჩხუბი მელოდება. განსხვავებული მებრძოლები ვართ და სხვადასხვა ძლიერი მხარეები გვაქვს. ვეტორი მრავალმხრივი მებრძოლია , თუმცა, ვფიქრობ, მასზე უკეთესი ვარ. ბევრი საუბარი არ მინდა და ვნახოთ, ბრძოლა როგორ განვითარდება. ყოველთვის მზად ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ“, - ამბობს რომანი.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის დაპირისპირება UFC 285-ის ეგიდით გაიმართება და თბილისის დროით, 01:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გუტის მაისური გადასცეს | „შენთვის საჩუქარი მეც მაქვს“
კვარას გუტის მაისური გადასცეს | „შენთვის საჩუქარი მეც მაქვს“