ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ,,ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს? ჩვენ - კაშია გვყავს“

საქართვველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს, ამხანაგურ მატჩს, მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ბათუმში შედგება.

მოახლოებული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

ტრავმირებულებზე:

,,მართალია, რომ ხოჭოლავამ გუნდთან ერთად 90 წუთით ითამაშა, თუმცა როგორც უკვე თქვენც იცით, მუხლის ტრავმა აქვს, სამწვრთნელ შტაბში, ეს ინფორმაცია დიდი ხანია ვიცით. მისმა კლუბმა ძალიან გვთხოვა, რომ მას ეს მატჩი ჩაეტარებინა მიუხედავად იმის, რომ დღეს უკვე საავადმყოფოში მიდიოდა.  ხოჭოლავა ოპერაციას ხვალ გაიკეთებს და სავარაუდოდ, 6-8 კვირა გაუცდება.

მე მას პარასკევს ვესაუბრე და მითხრა,  რომ საკლუბო დონეზე ამ მატჩის ჩატარება არ უნდოდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. ამ ეტაპზე, ჩემი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება მისი არ გამოძახება და ოპერაციის დროულად ჩატარება იყო.

ტრავმირებულები გვყავს და პრობლემებიც არის სათამაშო წუთების კუთხით. მინდა, რომ ფეხბურთელებს, საკლუბო დონეზე მეტი სათამაშო დრო ჰქონდეთ, თუმცა ამას მე ვერ ვწყვეტ. გასაგებია, რომ ნორვეგიასთან მატჩი ძალიან პრინციპულია, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ყველა პოზიციაზე რეგულარულად მოთამაშე მყოლოდა, ეს განსაკუთრებით მარცხენა ფლანგს ეხება. თუ გიორბელიძე, აზაროვი და წიტაიშვილი საკლუბო დონეზე მეტ სათამაშო დროს ვერ მიიღებენ, მომიწევს, რომ შემდეგში ისინი სანაკრებო განაცხადში აღარ შევიყვანო. რაც შეეხება ლოჩოშვილს, ლუკას ტრავმა ჰქონდა და გარკვეული რაოდენობის მატჩები გაუცდა, რის გამოც, ამ ეტაპზე არ გამოვიძახე".

რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე:

,,საბა საზონოვს არაერთხელ ვესაუბრეთ და მისი სურვილი ცხადია -  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს. ახლა ჩემი პრიორიტეტი ისაა, თუ რამდენად იქნება მზად დავალებების შესასრულებად, თუ ჩავთვლი, რომ ნორვეგიისთვის მზად იქნება - ითამაშებს. წინა შეკრებაზე მე მას კარგად დავაკვირდი. ის,  როგორც ფეხბურთელი, მომწონს.

რუსეთსა და რუსეთიდან ფეხბურთელებს გამოძახებაზე კომენტარი მე არ გამიკეთებია, რადგან პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი. ჩემი გადმოსახედიდან, გაგნიძე და საზონოვი 2 ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ნაკრებს უნდა ჰყავდეს. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რადგან რაღაც მომენტში , პოლიტიკისა და სპორტის გამიჯვნა უნდა შევძლო და ჩვენი ნაკრების საუკეთესო ინტერესებზე ვიფიქრო. გასული შეკრებების დროს, გაგნიძე მხოლოდ იმიტომ არ გამოვიძახე, რადგან ვფიქრობდი, რომ მთავარი გუნდისთვის ჯერ მზად არ იყო".

ვაკო ყაზაიშვილზე:

,,რაც შეეხება ყაზაიშვილს, ვფიქრობ, რომ  მან ანგარიში მე და თანაგუნდელებს უნდა გაგვიწიოს. ნაკრებში პატივისცემა უნდა იყოს და ამ მიზნისკენ ყველა ერთად უნდა მიდიოდეს, თუ ასე არ ხდება, ეს დიდი პრობლემაა, რაზეც მუშაობაა საჭირო. ამ ეტაპზე, ყაზაიშვილი განაცხადში არ შევიყვანე, თუმცა მომავალში რა იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით".

17 წლის დებიუტანტზე:

,,გაბრიელ სიგუა თანამედროვე პროფილის ფეხბურთელია, ის ლეონ გორეცკას ჰგავს: აქტიურია, მშრომელი და თავისი ასაკისთვის შესანიშნავად განვითარებული. სანაკრებო სიაში ის ფეხბურთელი ხვდება, რომელიც თამაშისთვისაა მზად და არ ხვდება იმიტომ, რომ სასტუმროში დრო გუნდთან ერთად გაატაროს.

მისი თამაში ძალიან მომეწონა და გამოძახებამდე, მის სანაკრებო შანსზე ბევრი ვიფიქრე. სიგუას დიდი პოტენციალი აქვს".

ნორვეგიაზე:

,,ნორვეგიის შემადგენლობას თუ შევხედავთ, ძლიერი ნაკრებია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, ჩვენ, ამ დონის ნაკრებებთან კარგად ვთამაშობთ, მითუმეტეს, მატჩი სახლშია. რა თქმა უნდა, გამარჯვებების ციკლის გაგრძელება გვსურს. ველოდები, რომ ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ და ძველი მუხტი შენარჩუნდება.

ნორვეგიას ერლინგ ჰოლანდი ჰყავს? ჩვენ - გურამ კაშია გვყავს, მეტი არაფრის თქმას ვაპირებ!"

ჩაკვეტაძეზე:

,,მას ბოლო დროს პრობლემები ჰქონდა, თუმცა სანაკრებო სიაში სულ შემყავდა, რადგან მინდოდა მას მხარდაჭერა ეგრძნო. იმედი მაქვს, რომ მისთვისაც მოიძებნება ადგილი მოედნის ცენტრსა თუ შეტევაში. ყველაზე მთავარი რაცაა და რაც მახარებს, მისი ჯანმრთელობაა".

ბოლო დროს მომხდარ ამბებზე:

,,იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დიდ დროს ვატარებ, მიმდინარე მოვლენებს  თვალს ვადევნებდი. ფეხბურთელები თავისუფალი ადამიანები არიან და მათ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ. მე მაინც უცხოელი ვარ და პოლიტიკისგან შორს ვარ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ საქართველოში ყველამ თბილად მიმიღო და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს".

საწვრთნელი შეკრება თბილისში დღეს, 20 მარტს, დაიწყება და შემდეგ მატჩების მასპინძელ ქალაქში გაგრძელდება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია: დინამო მოსკოვის 20 წლის ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე და დინამო თბილისის 17 წლის გაბრიელ სიგუა, რომელიც ვილი სანიოლის სანაკრებო განაცხადს მოგვიანებით დაემატა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26-კაციანი განაცხადი:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია (ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (დინამო, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (დინამო, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (დინამო, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (კარაგუმრუკი, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი (საბაჰი, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია).

მატჩების განრიგი:

➡ 25 მარტი | საქართველო - მონღოლეთი | 18:00

➡ 28 მარტი | საქართველო - ნორვეგია | 20:00.

მარტში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლატერალის თვისებები აქვს“ - შახტარის მწვრთნელმა გოჩოლეიშვილზე ისაუბრა
„ლატერალის თვისებები აქვს“ - შახტარის მწვრთნელმა გოჩოლეიშვილზე ისაუბრა