სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„როცა შანსი გეძლევა, უნდა გამოიყენო“ - რა თქვა მამუკელაშვილმა მატჩის შემდეგ

„სან ანტონიო სპურსის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს გამორჩეული მატჩი ჰქონდა და „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გაიფორმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც „სან ანტონიომ" 84:119 წააგო, სანდრომ საკუთარი ასპარეზობა შეაფასა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„NBA-ში უდიდესი კონკურენციაა და როცა შანსი გეძლევა, უნდა გამოიყენო. სან ანტონიოს სასტარტო ხუთეულში მეორედ მოვხვდი და ბედნიერი ვარ. დღეს, საშუალება მქონდა, თავისუფლად მეთამაშა და შეცდომები დამეშვა, მაგრამ მათგან გაკვეთილი მიმეღო. ვფიქრობ, შესანიშნავი შანსი იყო, რათა მეჩვენებინა, რა შემიძლია და მადლობელი და ბედნიერი ვარ. მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ პარკეტზე გასვლის შანსი, თამაში და ცოდნის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა. გვინდა, მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ერთმანეთის ნდობა განვაგრძოთ და რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილი პროგრესისთვის გამოვიყენოთ. მომდევნო მატჩი მილუოკი ბაქსთან გვაქვს და მილუოკი ძალიან მიყვარს. პირველი ნაბიჯები იქ გადავდგი და მათ დრაფტზე ჩემი არჩევით, ოცნება ამისრულეს. მილუოკიში დაბრუნებითა და ბობი პორტისის, ჯრუ ჰოლიდეის, კრის მიდლტონისა და სხვა კალათბურთელების ნახვის პერსპექტივით აღფრთოვანებული ვარ. როცა ბიჭებს შევხვდები, ძალიან მაგრად ჩავეხუტები. ერთი სული მაქვს, იანის ანტეტოკოუნმპოს წინააღმდეგ როდის ვითამაშებ. ამას 1.5 წლის განმავლობაში ვაკეთებდი და ვერ ვიტყვი, რომ კარგი შედეგი მქონდა, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე. იანისის მეურვეობას მოუთმენლად ველი და ეს ჩემი მორიგი გამოწვევაა, რომელიც დამეხმარება გავიგო, რა დონეზე ვიმყოფები. ის NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია და ვნახოთ, რა გამომივა“,

შეგახსენებთ, რომ 20 ქულა „მამუსთვის“ მიმდინარე რეგულარულის საუკეთესო შედეგია, 3 ჩაჭრა კი - პირადი რეკორდი. აქამდე, მამუკელაშვილს ყველაზე მეტი ჩაჭრა (2) „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ჰქონდა გაფორმებული.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერლაინო: „კვარაცხელია მიყვარს, მაგრამ ისტორიას პატივი უნდა ვცეთ“
ფერლაინო: „კვარაცხელია მიყვარს, მაგრამ ისტორიას პატივი უნდა ვცეთ“