ტოტენჰემი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

ოფიციალურად: ანტონიო კონტე ტოტენჰემს აღარ გაწვრთნის

იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მხარეებმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე „დეზების“ მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს კრისტიან სტელინი შეასრულებს, მისი ასისტენტი კი რაიან მეისონი იქნება.

2021-23 წლებში „ტოტენჰემში“ კრისტიან სტელინი კონტეს ასისტენტი იყო.

„ტოტენჰემის“ მმართველის, დანიელ ლევის თქმით, გუნდის მიზანი სეზონის დარჩენილ ნაწილში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. პრემიერ ლიგის 28 ტურში ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ტოტენჰემმა“ 49 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, თუმცა მე-5 პოზიციაზე მყოფ „ნიუკასლს“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. გარდა ამისა, „კაჭკაჭებმა“ ორით ნაკლები შეხვედრა ჩაატარეს და ოთხეულში შესვლის რეალური შანსი აქვთ.

53 წლის ანტონიო კონტე „ტოტენჰემს“ 2021 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა. მას კიდევ ერთ პრემიერლიგურ კლუბს, ლონდონის „ჩელსიში“ უმუშავია (2016-18), სადაც გაცილებით წარმატებული იყო. მისი ხელმძღვანელობით „არისტოკრატებმა“ 2016-17 წლების სეზონში პრემიერ ლიგა მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები