Aa
Aa

მატჩის წინ - მონაკო VS პორტუ

„ლუი II“-ზე გასამართ G ჯგუფის შეხვედრას „მონაკოსა“ და „პორტუს“ შორის, სატურნირო მნიშვნელობის გარდა, კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს მატჩი „ჩემპიონთა ლიგის“ 2004 წლის ფინალის გამეორებაა, რომელშიც ჟოზე მოურინიოს „პორტუმ“ დიდიე დეშამის „მონაკოს“ 3:0 მოუგო.

„მონეგასკებმა“ გასულ უქმეებზე სტუმრად „ლილს“ 4:0 აჯობეს. დიდებულ ფორმაშია რადამელ ფალკაო, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. თავიანთი გოლები სტევან იოვეტიჩმა და რაშიდ გეძალმაც შეაგდეს.

ისინი დღევანდელ შეხვედრაში ძირითად მეკარე დანიელ სუბაშიჩს ვერ დაიხმარენ. მცირე ტრავმა აქვს „ლაციოდან“ მოყვანილ ნიჭიერ შემტევ კეიტა ბალდეს.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): „სტატისტიკას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ყოველი სეზონი ახალი გამოცდილებაა.

გასაგებია, რომ გასულ სეზონში ამ ტურნირის 1/2 ფინალში ვითამაშეთ, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა და უნდა ვცადოთ, რომ ახალი თავგადასავალი მოვიწყოთ.

არ ვფიქრობ, რომ „პორტუს“ „ბეშიქთაშთან“ წაგება ამ გუნდისთვის რამეს ცვლის. ისინი კვლავაც საკუთარ გეგმას მიყვებიან. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და შიდა ჩემპიონატშიც ლიდერობენ. ასე რომ, დღევანდელი თამაშის ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტს.

ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი ჩავაგდეთ, თუმცა საერთო ჯამში, სეზონის სტარტი მაინც ძალიან კარგი გამოგვივიდა. აუცილებელია, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა მატჩიდან მატჩამდე მოუმატონ“.

მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ გახსნა „პორტუმაც“, რომელმაც „ბეშიქთაშთან“ მატჩის გარდა, ყველა ოფიციალური შეხვედრა მოიგო. „დრაკონები“ პორტუგალიის ჩემპიონატს 21 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ. მათ მომავალ უქმეებზე უშუალო კონკურენტ „სპორტინგთან“ სტუმრად თამაში მოუწევთ.

რაც შეეხება წინ ტურს, პორტუელებმა პრიმეირა ლიგის მატჩი პარასკევს ჩაატარეს და დებიუტანტ „პორტიმონენსეს“ ძალიან მარტივად, 5:2 მოუგეს. იასინ ბრაჰიმიმ დუბლი მიითვალა, ხოლო თითო ბურთი ივან მარკანომ, ვენსან აბუბაკარმა და მუსა მარეგამ გაიტანეს.

„პორტუს“ დღევანდელ თამაშში მხოლოდ ანდრე ანდრე ვერ დაეხმარება, რომელიც ბოლო დროს გუნდის ძირითადში ისედაც ვეღარ ხვდება.

სერჟიო კონსეისაო (პორტუ): „ჩვენ გასახდელში ჩინებული ატმოსფეროა. აქ არიან ძლიერი ხასიათის მქონე, თავდაჯერებული და ამავდროულად ამბიციური ფეხბურთელები.

ისინი მაღალი დონის მოთამაშეები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ პორტუგალიაშიც და ევროპაშიც ჩვენ წარმატებას მივაღწევთ.

„მონაკო“ ბრწყინვალე გუნდია, რომელთან დაპირისპირებაც „ნანტში“ მუშაობისას მომიწია. სოლიდური, კარგად ორგანიზებული და შემტევი კოლექტივი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს - მისი დახასიათება ასეც შემიძლია.

თუმცა ჩვენ საკუთარ გეგმებს უნდა მივხედოთ და იმაზე ვკონცენტრირდეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ შეხვედრაში“.

„მონაკოსა“ და „პორტუს“ შეხვედრას სლოვენიელი რეფერი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები