Aa
Aa

"იუვე" და "ბარსა" მალე შეთანხმდებიან? ის რაც ორივე გუნდს აწყობს

იტალიური tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა მირალემ პიანიჩი „ბარსელონას“ დაუთმოს.

„ბებერ ქალბატონს“ რომის „ლაციოს“ სერბი ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენა სურს და საჭირო თანხას სწორედ პიანიჩის გაყიდვით მიიღებს.

„იუვე“ მზადაა, რომ ბოსნიელი შუახაზელი „ბარსას“ 80 მილიონ ევროდ დაუთმოს. თავის მხრივ "ბლაუგრანა" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ტურინელთა შუახაზელი მათ სიაში იმყოფება.

28 წლის პიანიჩი ესპანურმა Sport-მა ამ დღეებში ბარსელონაში შენიშნა. ფეხბურთელი თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც მესის 10 ნომრიანი მაისური ეცვა.

პიანიჩი გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არ არის და მისი აგენტი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

სხვა საკითხია, თუ რამდენად აწყობს „ბლაუგრანას“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდა.

სავსებით შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებების დროს ფასმა დაიკლოს, ან კატალონიელებმა ტრანსფერში თავიანთი რომელიმე მოთამაშე ჩართონ, მაგალითად ანდრე გომეში, რომლითაც ტურინელები უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან.

ბოსნიელმა ფეხბურთელმა დღეს სოციალურ ქსელში „ბარსელონას“ მუზეუმში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 91 შეხვედრაში 15 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები