''მოურინიოს შევხვდი და ვისაუბრეთ'' - ფეკირის შეძენა ''წითელ ეშმაკებსაც'' სურთ
Aa
Aa

''მოურინიოს შევხვდი და ვისაუბრეთ'' - ფეკირის შეძენა ''წითელ ეშმაკებსაც'' სურთ

“ლიონის’’ პრეზიდენტ ჟან მიშელ ოლას თქმით ფეკირის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს’’ სურს. ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოლასა და ჟოზე მოურინიოს შორის დისკუსია შედგა.

“ჟოზე მოურინიოს შევხვდი. ჩვენი დისკუსია საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა. ლივერპულთან’’ მოლაპარაკებას აღარ ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე ვუყურებთ მუნდიალს და ნაბილის წარმატებულ გამოსვლას ველით. მოსალოდნელი იყო, რომ ფეკირი კარიერას “ლივერპულში’’ გააგრძელებდა. მის ტრანსფერს მწვანე შუქი ავუნთე, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან ინგლისურმა კლუბმა მოლაპარაკება გაწელა’’ - აღნიშნა ოლამ beIN Sports-თან საუბარში.

მიმდინარე თვეში “ლივერპული’’ ფეკირის შეძენასთან ახლოს იყო, თუმცა ლიგა 1-ის კლუბმა მოლაპარაკება შეწყვიტა და ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.

„გაცნობებთ, რომ ნაბილ ფეკირის „ლივერპულში“ ტრანსფერი არ შედგა და შაბათ საღამოს მოლაპარაკებები „ლიონმა“ ოფიციალურად დაასრულა. „მერსისაიდული“ გუნდი ნაბილის გადაბირებით ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული, თუმცა ფეკირის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპის რამდენიმე ამბიციურ კლუბსაც სურს. „ლიონი“ კაპიტნის დარჩენით მოხარულია და სჯერა, რომ 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იგი გუნდის ნამდვილი ლიდერი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ლიონმა" განცხადება საიტიდან წაშალა. უცხოურ პრესაში ფრანგების გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორები არ გახმაურებულა.

“მერსისაიდელები’’ 24 წლის ფრანგს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად მოიაზრებდნენ.

რაც შეეხება ‘‘მანჩესტერ იუნაიტედს,’’ ჟოზე მოურინიოს გუნდის გასაძლიერებლად მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას თითქმის 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა, თუმცა შესაძლოა ინგლისურმა კლუბმა ფეკირის შეძენისთვისაც იბრძოლოს. ჟოზე მოურინიოს მხრიდან დაინტერესება ნამდვილად არსებობს.

24 წლის ნაბილ ფეკირს პროფესიულ კარიერაში მხოლოდ ''ლიონის'' მაისურით უთამაშია. 2013 წლიდან ფრანგული კლუბის ძირითად გუნდში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 28 მატჩში 18 გოლი შეაგდო.  2015 წლიდან საფრანგეთის ეროვნულ გუნდში იწვევენ, რომლის მაისურით 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მიმდინარე მუნდიალზე ''ლიონის'' ლიდერმა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. პირველ ტურში ავსტრალიის წინააღმდეგ 70-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, პერუსთან კი მე-80 წუთიდან იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები